ვაქცინაცია

აჭარის მაღალმთიან რაიონებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა – მიზეზი უცნობია

აჭარის მაღალმთიან რაიონებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. ინფორმაცია ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

სამინისტროში ვაქცინაციის შეჩერების მიზეზებზე ჯერჯერობით განმარტებას არ აკეთებენ.


საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს სპეციალურ პორტალზე [Booking.Mov.Gov.ge] დარეგისტრირებულია  ჯანდაცვის სექტორში მომუშავე 5 185 პირი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 642-მა მედიცინის მუშაკმა გაიკეთა. 

ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული შიშების გამო ვაქცინაციის კამპანია არ შეაჩერონ. ბოლო ხანებში გაჩნდა შიშები, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა სისხლის თრომბის წარმოქმნას იწვევს, რაც არასაკმარის მონაცემებს ეყრდნობა.

ბრიტანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ვენებში სისხლის შედედებას იწვევს. 

ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოდ ცნო და თქვა, რომ ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირები არ დასტურდება და ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია".

კომენტარები