ვაქცინაცია

ტიკარაძე 27 წლის ექთანზე: მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, თუმცა, არა უიმედო

"პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, თუმცა არა უიმედო" - თქვა ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების კონსილიუმის დასრულების შემდეგ. მან აღნიშნა, რომ 27 წლის ექთანს ყველა საჭირო კვლევა უტარდება.

"ექიმებმა მიიღეს გარკვეულ ნაბიჯებზე გადაწყვეტილება თუ როგორი იქნება შემდგომი ტაქტიკა. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის და უნდა დაველოდოთ შემდეგ მოვლენებს" - თქვა მან.

27 წლის ექთანს 18 მარტს, ახალციხეში, აცრის შემდეგ "დაუყოვნებელი რეაქცია" განუვითარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის, სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას".

ახალგაზრდა ქალი ახალციხიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემთხვევას გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.

კომენტარები