TV პირველის საქმე

TV პირველიდან მასალების ამოღებაზე საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ძალაში დატოვა TV პირველში საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ჩატარებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გაცემული ნებართვა. სააპელაციო აღნიშნავს, რომ დაცული უნდა იქნეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც მოიცავს ჟურნალისტის უფლებას, არ გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო.

"სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული კანონმდებლობა სრულყოფილად არეგულირებს და იცავს გამოხატვის თავისუფლებას. როდესაც საკითხი შეეხება ჟურნალისტის პროფესიული დაცვის სტანდარტს, დაცული უნდა იქნეს შესაბამისი ბალანსი. დანაშაულის პრევენციისა და გამოძიების პროცესში სახელმწიფოს ინტერესების განხორციელების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით, გამოხატვის თავისუფლების დაცვითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის გათვალისწინებით. 

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჟურნალისტს პროფესიული საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ ეკისრება ვალდებულება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გადასცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი ან დაიკითხოს მოწმედ, თუ იგი ისარგებლებს ამ უფლებით, მაგრამ ეს არ ზღუდავს მას ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში გამოძიებას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.

სისხლის სამართლის პროცესში მოწმედ მონაწილეობის ვალდებულებისაგან და პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვებით, სახელმწიფომ ინტერესთა კოლიზიის ცალკეულ შემთხვევებში მართლმსაჯულებისა და გამოძიების ინტერესზე მაღლა დააყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლში მითითებული პირების კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, დაცული უნდა იქნეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ამ შემთხვევაში მოიცავს ჟურნალისტის უფლებას არ გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო და საკითხის გადაწყვეტისას შესაბამისმა პირებმა უნდა იხელმძღვანელონ პროპორციულობის პრინციპითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლით დემოკრატიულ საზოგადოებაში" - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 მარტს პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. განჩინებაში წერია, რომ გამოძიებას უფლება აქვს, წინააღმდეგობის შემთხვევაში  "იძულების პროპორციული ზომა" გამოიყენოს. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო.  

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები