ჩანაწერები

მშვენიერაძე განჩინებაზე: შესაძლოა, მივმართოთ სტრასბურგს

"განვიხილავთ შესაძლებლობას, ხომ არ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს". - თქვა  თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი მშვენიერაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში  

გიორგი მშვენიერაძე TV პირველის ინტერესებს დაიცავს.

"ვმუშაობთ, ერთი მხრივ, აღნიშნული განჩინების ქვეყნის შიდა ინსტანციებში გასაჩივრებაზე. ესეთი ტიპის განჩინებები, ზოგადად, მისი აღსრულებიდან 48 საათში საჩივრდება. ვადა ასეთია დადგენილი, თუმცა ჩვენ ამ ვადის დადგომას ვერ დაველოდებით და არ დაველოდებით. და ასევე განვიხილავთ შესაძლებლობას, ხომ არ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება და თავიდან იქნეს აცდენილი რეალურად ტელეკომპანიაში შემოჭრა და რისკი შემოჭრისა, ასე რომ ვთქვათ, რაც შეიძლება პროკურატურის განცხადების საფუძველზე მინიმალურად ჩანს, თუმცა არ ვიცით, ხვალ რა იქნება."- ამბობს გიორგი მშვენიერაძე.


სასამართლომ გამოძიებას უფლება მისცა TV პირველიდან მასალების ამოღებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

  

 

 

კომენტარები