ვაქცინაცია

ცერცვაძე: ვაიექსპერტების ანტივაქსერულმა კამპანიამ კარგად იმუშავა, გვაქვს დაბალი აქტივობა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვაქცინის პირველადი შემოტანა რამდენიმე კვირით დაგვიანდა, თუმცა ახლა წყვეტა აღარ იქნება. 

მისივე თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და ჯანდაცვის სისტემაზე, თუ როგორ მოახერხებენ საზოგადოების მობილიზებას ასაცრელად. როგორც ცერცვაძე ამბობს, ანტივაქსერულმა კამპანიამ კარგად იმოქმედა, ამიტომ აცრებთან დაკავშირებით დაბალი აქტივობაა. 

"დაგვიანდა პირველი შემოტანა ვაქცინის რამდენიმე კვირით, მაგრამ წყვეტა აღარ იქნება, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, ჯანდაცვის სისტემაზე, ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, რამდენად მოახერხებენ საზოგადოებრივი აზრის და მთლიანად ხალხის მობილიზებას ასაცრელად. 

გეტყვით, რატომ არის ასეთი დაბალი აქტივობა - თავიდან იყო საყვედურები, რომ ვერ შემოგვქონდა ვაქცინა და როგორც კი შემოვიტანეთ, არ მინდა ცალკეული პირები და ტელევიზიები დავასახელო, მაგრამ გააჩაღეს აქტიური ანტივაქსერული კამპანია, რომ ეს არის ცუდი ვაქცინა, ქართველ ხალხზე მთავრობა ატარებს ექსპერიმენტებს, არ გაიკეთოთ ეს ვაქცინა, აქვს გვერდითი მოვლენები, საქართველომ მაშინ დაიწყო, როცა სხვებმა შეაჩერეს და ა.შ.  ეს იყო აღვირახსნილი, საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ყოვლად უსაფუძვლო კამპანია, სამწუხაროდ, ამ კამპანიამ იმოქმედა. ამას დაემატა ამბიცია დაუკმაყოფილებელი და ვაიექსპერტების გამონათქვამები, რომ მე არ გავიკეთებ და მოგიწოდებთ, თქვენც არ გაიკეთოთ და ამან განაპირობა ის, რომ დღეს გვაქვს დაბალი აქტივობა". - ამბობს ცერცვაძე. 

მისივე თქმით, 22 მარტის კვირაში საქართველოში ფაიზერის ვაქცინის დოზები შემოვა, ასევე, როგორც ცერცვაძე ამბობს, საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ნოვავაქსის ვაქცინას შეიძენს. 

"22-ში შემოვა კიდევ ახალი პარტია ფაიზერის, შემდეგ შემოვა 80 000 ისევ ასტრაზენეკა, შემდეგ ორმხრივი შეთანხმებით ისევ ასტრაზენეკა, ოღონდ უკვე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით და შემდეგ, თუ ექნება საერთაშორისო აღიარება, შესაძლოა, შემოვიდეს ჩინური ვაქცინაც და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება, ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვაქცინასთან, ეს არის - ნოვავაქსი, რომლის გაყიდვაც დაიწყება ივნისში და ერთ-ერთი პირველი მყიდველი იქნება საქართველო". - ამბობს ცერცვაძე. 

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა 13 მარტს დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, სამ დღეში ვაქცინაციის სურვილი ჯანდაცვის პერსონალის სულ 5 350-მა წარმომადგენელმა გამოთქვა. აქედან აიცრა 2 719.

კომენტარები