აშშ-ჩინეთი

ბლინკენის ჩინელებთან შეხვედრამდე აშშ-მ 24 ჩინელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

Rappler

აშშ-მ დამატებით 24 ჩინელ და ჰონგ-კონგელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა ჰონგ-კონგის ავტონომიის შეზღუდვის გამო. სანქციები ცოტა ხნით ადრე დააწესეს მანამ, სანამ ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ჩინეთის მაღალჩინოსნებთან პირველ შეხვედრას გამართავენ.

სანქციები ჰონგ-კონგის ავტონომიის აქტით დააწესეს, რომელიც აშშ-ში გასულ წელს მიიღეს მას შემდეგ, რაც პეკინმა ჰონგ-კონგში ახალი, ეროვნული უშიშროების კანონი აამოქმედა, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. 

სანქცირებულებს შორის არიან ისეთი მაღალი რანგის ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები, როგორიცაა ვანგ ჩენი, 25-კაციანი პოლიტბიუროს წევრი, ასევე, ჰონგ-კონგელი თამ იუ-ჩუნგი, ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი კომიტეტის წევრი. 

სანქცირებულებს შორის ბევრ მათგანს ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაუწესეს სამოგზაურო სანქციები, თუმცა ახლა მათ ფინანსური სანქციებიც ეკისრებათ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სანქციები ასახავს ვაშინგტონის "ღრმა შეშფოთებას" ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე. 

ჩინეთის მხარე გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ნაბიჯს შიდა საქმეებში ჩარევად განიხილავს. 

გასულ კვირას ჩინეთის პარლამენტმა მიიღო ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემის შეცვლის რეზოლუცია, რითაც არსებულზე მეტად შემცირდება დემოკრატიული წარმომადგენლობა ქალაქის მმართველ ინსტიტუტებში. ასევე, პეკინისადმი ერთგული პოლიტიკოსების მექანიზმი შემოიღო. 

მას შემდეგ, რაც პეკინმა ქალაქში ეროვნული უშიშროების კანონი შემოიღო, რაც ქალაქის ავტონომიურობის დასასრულად იქნა აღქმული, ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რითაც პეკინი ქალაქზე უფრო მეტ კონტროლს ამყარებს. ეს  ნაბიჯი წარმოადგენს პეკინის ძალისხმევას გლობალური ფინანსური ცენტრის უფრო მკაცრი ავტორიტარული კონტროლის კონსოლიდაციისთვის.

ახალი ცვლილებით, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ოპოზიციას გავლენა ჰქონდეს არჩევნების შედეგებზე. ახალი ზომები გავლენას იქონიებს ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოს ზომასა და შემადგენლობაზე და საარჩევნო კომიტეტის, რომელიც შეარჩევს აღმასრულებელ დირექტორს პროპეკინელი პირების სასარგებლოდ. შეიქმნება ახალი მექანიზმი, კარგად შეარჩიონ კანდიდატები და შეამოწმონ არჩევნებში გამარჯვებულთა ქცევა, რათა დარწმუნდნენ, რომ მხოლოდ ისინი, ვისაც "პატრიოტებად" მიიჩნევენ,  მართავენ ჰონკონგს. პეკინი საარჩევნო კომიტეტის ზომას გაზრდის 1200 კაციდან 1500-მდე, ასევე საკანონმდებლო საბჭოს - 70 ადგილიდან 90-მდე.  ამჟამად, საკანონმდებლო საბჭოში 70 ადგილიდან ნახევარს პირდაპირი წესით ირჩევენ, ეს პროპორცია შემცირდება საარჩევნო საბჭოს მიერ დამატებული ადგილებით. მეორე ნახევარს წარმოადგენენ ინდუსტრიები, გაერთიანებები. ძირითადად, პროპეკინელი პირები არიან ეს ადამიანები.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო, მაშინ ჰონგ-კონგის ქუჩებში, დაახლოებით, მილიონი მოქალაქე ჰონგ-კონგიდან კომუნისტურ კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდა. ექსტრადიციის კანონპროექტი 5-თვიანი პროტესტის შემდეგ, რომელსაც პოლიცია ხშირად ძალადობრივად შლიდა, გაიწვიეს, მაგრამ აქციები გაგრძელდა. მოქალაქეები თავისუფალ არჩევნებს, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას, აქციებზე პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელ გამოძიებას, საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტას, ქალაქის ლიდერ კერი ლამის გადადგომას და ზოგადად, მეტ თავისუფლებასა და პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მას შემდეგ, ჰონგ-კონგისთვის ვითარება გაუარესდა. ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მაღალი რანგის პირები 16 მარტს იაპონიას ესტუმრნენ, სადაც აშშ-ს და იაპონიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთის ქცევა საერთაშორისო წესრიგს არ შეესაბამება. "საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ვუპასუხებთ, როდესაც ჩინეთი გამოიყენებს იძულებასა და აგრესიას". – თქვა ენტონი ბლინკენმა. ამჟამად ბლინკენი შეხვედრას მართავს სეულში სამხეთ კორეის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ, 18 მარტს ალასკაში ბლინკენი აშშ-ს ეროვნული უშიშროების მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან ერთად შეხვედრას გამართავს ჩინელ კოლეგებთან. 

თეთრი სახლი შეხვედრიდან ბევრს არაფერს ელის. ოფიციალურმა პირმა ანონიმურად თქვა, რომ მხარეები არ გამოაქვეყნებენ საერთო განცხადებას და რაიმე მნიშვნელოვანი განცხადებაც არ იგეგმება. 

ბლინკენის და ლოიდ ოსტინის შორეული აღმოსავლეთის ტურნეს წინ უძღოდა გასული კვირის ქუადის ონლაინ სამიტი. ქუადის (ოთხმხრივი უშიშროების დიალოგის), რომლის წევრებიც არიან აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი, წვერების ქვეყნის ლიდერების დონეზე შეხვედრა პირველად გაიმართა.

მხარეებმა პირობა დადეს, რომ იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანეთი და ითანამშრომლონ საზღვაო, კიბერ და ეკონომიკის უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე, ისინი ახლოს ითანამშრომლებენ ვაქცინის დისტრიბუციაზე, კლიმატის ცვლილებებისა და უშიშროების საკითხებზე. ოთხი ქვეყანა  იმუშავებს, რათა უზრუნველყოს, 2022 წლამდე აზიისთვის 1 მილიარდი კორონავირუსის ვაქცინის დოზის მიწოდება. ეს ნაბიჯი აღიქვეს, როგორც ჩინეთის ვაქცინის დიპლომატიის, რეგიონში მისი გავლენის შესამცირებელ ნაბიჯად. 

აღსანიშნავია, რომ მხარეებს თავიანთ განცხადებაში ჩინეთი ერთხელაც არ უხსენებიათ, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს თავისუფალი, ღია, ინკლუზიური, ჯანსაღი, დემოკრატიული ღირებულებებით მართული და იძულებით შეუზღუდავი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობაზე. ასევე, ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერმა განიხილეს ჩინეთის გამოწვევა - "მათ მკაფიოდ აღნიშნეს, რომ არცერთს აქვს რაიმე ილუზია ჩინეთზე" და სჯერათ, რომ დემოკრატიას შეუძლია, აჯობოს ავტორიტარიზმს. 

ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხესთან ერთად, ბოლო დროს, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ სამომავლოდ შორეულ აღმოსავლეთში აშშ-ს ლიდერობით NATO-ს მსგავსი ალიანსის შექმნაზე. ჩინეთის ქმედებების გამო, ოთხივე ქვეყნის ჩინეთთან ურთიერთობა გაუარესებულია. 

კომენტარები