ეთნიკური უმცირესობები

NGO-ები: ვგმობთ პარლამენტის მიერ ეთნიკური უმცირესობების დიასპორად განხილვას

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტის მიერ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე უმცირესობათა საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ეხმაურებიან.

"ხელმომწერი ორგანიზაციები ზოგადად მივესალმებით პარლამენტში ეროვნულ უმცირესობებისთვის საკონსულტაციო მექანიზმის შექმნის იდეას, თუმცა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია უმცირესობათა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე, რაც აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას და ინკლუზიური, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების  მშენებლობის პროცესს არსებითად აზიანებს და უკან ხევს". – წერია განცხადებაში

საზოგადოებრივი ორგანიზაციების თქმით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის კომპეტენციაა, კოორდინაცია გაუწიოს ქართულ დიასპორას და განსაზღვროს კავკასიის ხალხებთან პოლიტიკა, ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობას, შესაბამისად, საპარლამენტო კომიტეტის ამ კომპეტენციების ფონზე გაუგებარია, რატომ იქმნება მის ბაზაზე საკონსულტაციო საბჭო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარებისა და ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით.

"ეს გადაწყვეტილება ცალსახად თანასწორობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა, რადგან ეთნიკური ნიშნით განაცალკევებს საქართველოს მოქალაქეებს და გაუცხოების და გარიყულობის განცდას აჩენს. თუკი სახელმწიფოს მართლა აინტერესებს უმცირესობათა წინაშე არსებული სისტემური გამოწვევები და ინტეგრაციის პროცესი, გაუგებარია რატომ არ იქმნება საკონსულტაციო საბჭო ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ბაზაზე, რომლის პირდაპირი ამოცანაა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაზე მონიტორინგი". – წერია განცხადებაში

განცხადების მიხედვით, საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა უმცირესობათა ფართე ჯგუფებთან და ამ თემაზე მომუშავე ექსპერტებთან კონსულტაციების გარეშე, რაც დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა, რომლის მიხედვით საკონსულტაციო საბჭოების შედგენის წესი უნდა განისაზღვრებოდეს დემოკრატიულად, უმცირესობათა მაღალი ჩართულობით და წარმომადგენლობით.

"იმ ფონზე, როცა ჯერ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის საბჭოს დებულება, მისი კომპეტენციები და შემადგენლობა, რთულია იმის შეფასება თუ რამდენად შეესაბამება ის საკონსულტაციო მექანიზმებისთვის დადგენილ მოთხოვნებს და საუკეთესო პრაქტიკას. თუმცა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის პროცესი მის მიმართ უნდობლობის საუძველს უკვე ქმნის".– წერია განცხადებაში

ზემოთ აღნიშნულის  გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს:

  • დროულად გააუქმოს მისი გადაწყვეტილება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე უმცირესობათა საკითხებზე საკონსულტაციო საბჭოს  შექმნის შესახებ;

  • საკონსულტაციო საბჭოს მანდატის, კომპეტენციების, შემადგენლობის საკითხი დემოკრატიული კონსულტაციების პროცესის ფარგლებში დაგეგმოს, სადაც ჩართული იქნებიან ეთნიკური უმცირესობების თემების წარმომადგენლები, ორგანიზაციები, ასევე სხვა ექსპერტები და ადამიანის უფლებათა აქტორები;

  • საკონსულტაციო საბჭოს შექმნისას გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტები და მოთხოვნები, ასევე სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
     

    ხელმომწერი ორგანიზაციები:

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

    პლატფორმა სალამი

    პანკისის სათემო ორგანიზაცია

    ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის

    ქართველ მუსლიმთა კავშირი

    სამოქალაქო დარბაზი

    სოლიდარობის პლატფორმა

    უფლებები საქართველო

    ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

    ადამიანის უფლებათა ცენტრი

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

    ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

    თანასწორობის მოძრაობა

    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

    ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

კომენტარები