პოლიტიკური კრიზისი

მდინარაძე: არჩევნები რომ სამართლიანი იყო, ყველამ იცის, გიგა და მიხეილი ვერ დავარწმუნეთ

ტაბულა

"ჩახურული ფურცელია უკვე, გადაშლილი ფურცელია, დამთავრებული ამბავია - ყველამ იცის თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ყველა ამას ლაპარაკობს, ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ ბატონი გიგა და ბატონი მიხეილი". - ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა. 

"ბოკერია რომ ცდება და სააკაშვილი რომ ცდება და სხვები რომ ცდებიან, ეს სამწუხაროა მათთვის, მაგრამ ამ ქვეყანაში საზოგადოება უკვე ჩამოყალიბდა და შეთანხმდა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. აირაის დასკვნამ ეს აჩვენა, ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნამ ეს აჩვენა, განცხადებებმა მაღალი ტრიბუნიდან ეს აჩვენა, თუმცა სიჯიუტეს რადიკალური ოპოზიციის საზღვარი არ აქვს, იმეორებენ იგივეს". - ამბობს მდინარაძე. 

მდინარაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის, გააგრძელოს მოლაპარაკებები, თუმცა როგორც ის ამბობს, "ოპოზიციის წევრებისგანაც არის საჭირო ელემენტარული კონსტრუქციულობა". 

"რაც არ უნდა არარეალურ მესიჯებს ახმოვანებდნენ ოპოზიციის წევრები, ჩვენ მაინც ვსაუბრობთ მათთან და გვინდა დავარწმუნოთ ყველა, რომ მიუხედავად იმისა, რა განცხადებები კეთდება, ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ ყველაფერზე მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს იმას ნიშნავს რომ, პასუხისმგებლობას უფრო მეტს, ვიდრე ოპოზიცია ვიღებთ მიმდინარე პროცესებზე, ოღონდ მათი მხრიდანაც არის საჭირო ელემენტარული კონსტრუქციულობა, იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ კრიზისთან ბრძოლა ისე მოახერხოს, როგორც გვჭირდება". - ამბობს მდინარაძე. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 6 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება.

პარალელურად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. 

კომენტარები