ელექტროენერგია

თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან 94%-ით გაიზარდა, სულ — 32%-ით

paknewspage.com

ესკოს მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტმა 414 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელზე (312 მლნ კვტ.სთ) 32%-ით მეტია. იმპორტის ზრდა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაჩერებითაა გამოწვეული.

ესკოს მონაცემებით, თებერვალში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის ორჯერ გაიზარდა და 257.6 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე (132.6 მლნ კვტ.სთ) 94%-ით მეტია. 

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და თურქეთს, თებერვალში ამ ქვეყნებიდან იმპორტმა, შესაბამისად, 148 მლნ კვტ.სთ და 7.5 მლნ კვტ.სთ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტი თებერვალში შემცირებულია, 2020 წლის თებერვალში ამ უკანასკნელიდან იმპორტმა 179 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

იანვარში საქართველოში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 თვით, მაისამდე დაიხურა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაგეგმილია დაზიანებული სადერივაციო გვირაბის შეკეთება, რაც 8 მილიონ ევრომდე დაჯდება. პროექტის დასრულების შემდეგ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, დაახლოებით, 100 მლნ კვტ.სთ-ით უნდა გაიზარდოს. პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა.

კომენტარები