რუსეთი

რუსეთის დუმის კანონპროექტით საგანმანათლებლო საქმიანობა მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ განათლების კანონის საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილში ცვლილება შეიტანა. საგანმანათლებლო საქმიანობა მხოლოდ მთავრობის ნებართვით იქნება შესაძლებელი.

დუმა საკუთარ განცხადებაში საგანმანათლებლო საქმიანობას განმარტავს, როგორც საქმიანობას, განათლების პროგრამის ფარგლებს გარეთ, რომელიც ცოდნის, გამოცდილების, აზროვნების, შესაძლებლობების გავრცელებასა და ადამიანის ინტელექტუალურ, სულიერ და ფიზიკურ განვითარებას ემსახურება მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.

საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოება შეეძლება მხოლოდ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მათზე დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს ან კერძო და იურიდიულ პირებს, ვისაც კანონის შესაბამისად გააკონტროლებენ.

ოფიციალურად კანონი კრძალავს საგანმანათლებლო საქმიანობის გამოყენებას სოციალური, რასობრივი, ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივების მიზნით. 

კანონში წერია, რომ საგანმანათლებლო საქმიანობის კონტროლის ფორმებს სახელმწიფო განსაზღვრავს.

დუმის განცხადება ამ ცვლილების აუცილებლობას მოქალაქეთა დაცვის მიზნით ხსნის.

"კანონი იცავს რუსეთის მოქალაქეებს, პირველ რიგში სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ანტირუსული პროპაგანდისგან, რომელიც საგანმანათლებლო საქმიანობის სახითაა შენიღბული". – წერია კანონში. 

კანონპროექტის ცვლილება რუსეთის დუმაში ნოემბერში შეიტანეს და 2021 წლის მარტში მიიღეს (308 ხმა 95-ის წინააღმდეგ). ახალი კანონპროექტის მიხედვით, განათლების პროგრამის ფარგლებს გარეთ საგანმანათლებლო საქმიანობა მხოლოდ მთავრობის თანხმობის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობის კონტროლის ქვეშ იქნება საჯარო ლექციები, შეხვედრები, სემინარები, ვიდეოგაკვეთილები თუ პოდკასტები. მათი აზრით, ეს ცვლილება საჭიროა ბოროტ უცხოურ გავლენებთან საბრძოლველად.

 

 

კომენტარები