პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია მოლოდინებზე: მმართველი გუნდის განცხადებებსა და ტონალობას ვერ დავეყრდნობით

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, დემოკრატიული ოპოზიცია და მათ შორის მისი პოლიტიკური გუნდი მოწადინებულია, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში იპოვონ გონივრული კომპრომისი, რომელიც ქვეყნის ინტერესებში იქნება. 

"ბუნებრივია, ეს ვერ იქნება, უბრალოდ, შეთანხმებისთვის შეთანხმება, უნდა იყოს ყველა იმ პუნქტზე, რომელიც პრეზიდენტ მიშელის გეგმაშია და უნდა იყოს ისეთი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან და ჩვენ ყველამ ვიცით, ევროპული საქართველოცა და დემოკრატიული ოპოზიციის პოზიციაც ასეთია, რომ ამ საკითხებიდან ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ არის რამდენიმე, რომელიც მოითხოვს მყისიერად გადაჭრას, რათა პროცესი დაიძრას. ასეთია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ასეთია შეთანხმება, სვლა ვადამდელი არჩევნებისკენ გონივრული გზით". – ამბობს გიგა ბოკერია. 

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ "მმართველი გუნდის განცხადებებსა და ტონალობას" ოპოზიცია ვერ დაეყრდნობა, "იმდენჯერ გვაქვს ნანახი" სხვადასხვა ტიპის სცენარი. 

"როგორც კი გვექნება მყარი, მკაფიო პასუხი და როგორც კი გვექნება ნაბიჯები, რომელიც გვაჩვენებს, რომ ივანიშვილის გარემოცვის პოლიტიკური ნება შეიცვალა, მაშინ შევაფასებთ ამას. იქამდე შესაფესებებს აზრი არ აქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ასეთ კრიტიკულ პერიოდშიც კი მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი ან ვერ თოკავს საკუთარ თავს ან საჭიროდ თვლის ქვეყნისთვის სრულიად საზიანო განცხადებების გაკეთებას". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

კიდევ ერთ კითხვაზე, უთანხმებენ, თუ არა ქართული ოცნების ლიდერები თავიანთ მესიჯბოქსს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ოფიციალურად პარტია დატოვა, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ ამაზე დანამდვილებით პასუხი არ აქვს, თუმცა, განმარტავს, რომ როგორც წესი, პოლიტიკური ლიდერები პარტიებში ქმნიან კლიმატს, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა სიტუაციაზე. 

"დიახ, ჩვენ პირველად არ ვხედავთ არამხოლოდ ურთიერთგამომრიცხავ ტონალობებს, არამედ შინაარსსაც". –ამბობს გიგა ბოკერია. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 3 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება.

პარალელურად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. 

კომენტარები