ვაქცინაცია

გაბუნია ვაქცინაციის პროცესზე: სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა

თამარ გაბუნია

მეორე დღეა, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის აცრილია 1 143 სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესს უწყება აკვირდება და აცრის შემდგომ სერიოზული გვერდითი მოვლენა არ აღრიცხულა.

"გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა, მცირე ტემპერატურის მომატება, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლოდ ყოფნა, თუმცა სერიოზული გვერდითი მოვლენა არცერთი არ დაფიქსირებულა. ესაა სტანდარტული ფარმაკოზედამხედველური პრაქტიკა, როდესაც მედიკამენტთან მიმართებაში ფიქსირდება რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა, ამ შემთხვევაში, მარეგულირებელი ვალდებულია, შეაჩეროს მედიკამენტის მოხმარება, ვიდრე არ დადგინდება შედეგობრივი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის". – ამბობს თამარ გაბუნია.

ბოლო მონაცემებით, სპეციალურ პორტალზე [Booking.Mov.Gov.ge]  დარეგისტრირებულია 4 456 ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული შიშების გამო ვაქცინაციის კამპანია არ შეაჩერონ. ბოლო ხანებში გაჩნდა შიშები, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა სისხლის თრომბის წარმოქმნას იწვევდა, რაც არასაკმარის მონაცემებს ეყრდნობოდა.

მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანამ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეაჩერა, მაგრამ ზოგი ქვეყანა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აცხადებს, რომ მათ ამ ვაქცინასთან პრობლემა არ აქვთ და მოქალაქეების აცრას არ შეწყვეტენ. 

ჯანმოს თქმით, ისინი კიდევ ერთხელ განიხილავენ ასტრაზენეკასთან დაკავშირებულ ანგარიშებს და რაც შეიძლება მალე შეაჯამებენ საკუთარ კვლევებს. მიუხედავად ამისა, ჯანმო თვლის, რომ ასტარაზენეკას ვაქცინასთან წინა თვეში გამოცემული რეკომენდაციების ცვლილება საჭირო არ იქნება და მისი გამოყენება კვლავ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება რეკომენდებული.

ასევე, ასტრაზენეკას ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომ თრომბოზის წარმოქმნასა და ვაქცინას შორის კავშირი არაა. ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში ასტრაზენეკათი აიცრა 17 მილიონი ადამიანი. ვაქცინირებულებიდან 15-ს განუვითარდა ღრმა ვენის თრომბოზი, 22-ს კი ფილტვის ემბოლია, რაც, ასტრაზენეკას კომპანიის თქმით, ასეთი დიდი რაოდენობის ჯუფისთვის ბუნებრივი დამთხვევაა და არა ვაქცინის ბრალი. 

კომენტარები