ენერგეტიკა

თურნავა ნამახვანჰესზე: ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიუსელში, ნამახვანჰესის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალიზაციისკენ მიდის, მიუღებელია ულტიმატუმის ენა და პოლიტიკურ მოთხოვნებს არაფერი აქვს საერთო ეკოლოგიასთან, მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი კი პრემიერმინისტრის პრეროგატივაა.

"ამის დასტურია ისიც, რომ ორი დღის წინ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც". – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საუბარია შეთავაზებების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელიც გულისხმობს არსებული კვლევების გადახედვას და გადახედვამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევას, არდაწყებას, ასევე ხეობის განვითარების ფონდის შექმნას, მეტ ჩართულობას, როგორც ამ ფონდის მართვის, ისე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში. 

"ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის, ოღონდაც ამ კონსტრუქციულ პლატფორმაზე. ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რათა ჩაერთონ, გააკეთონ პროექტის რევიზია, გადაამოწმონ ის კვლევები, რაც უკვე გაკეთებულია. ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი და  მოწოდებები, რომ ჩაიშალოს, გავაგდოთ ინვესტორი, გაჩერდეს, არ ავაშენოთ, ეს არ არის ჩვენი ლექსიკა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს.  ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ". – განაცხადა ნათია თურნავამ.

100 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ მანამდე, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შემდეგ ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა შეხვედრებს კონკრეტული შედეგი არ ჰქონია და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 14 მარტს ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი აქცია გაიმართა, შეკრებილთა მოთხოვნებს კი ეკონომიკის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებაც დაემატა.

კომენტარები