6-პუნქტიანი ჩარჩო

ბოკერია: შეთანხმების პირობები უნდა შედიოდეს ქვეყნის ინტერესებში

"სადაც არის გონივრული შეთანხმების შანსი, მე ვარ მომხრე, ვისწრაფოდეთ ამისკენ. დემოკრატიული ოპოზიცია სწორედ ასე იქცევა. ამ ვითარებაში, მთელი ამ თვეების განმავლობაში, [ოპოზიცია] მოწადინებული იყო, რომ ქვეყნის შიგნიდან საზოგადოების და ქვეყნის გარედან ჩვენი სტრატეგიული მეგობრების წნეხის მეშვეობით, ეს კრიზისი განმუხტულიყო. 

ბუნებრივია, ამ კრიზისი განმუხტვაში იგულისხმება კონკრეტული პარამეტრები და ეს საკითხები მოცემულია პრეზიდენტ მიშელის მიერ მოცემულ დოკუმენტში. ამ საკითხებიდან რამდენიმე არის ძალიან მცირე დროში გადასაწყვეტი, იმისთვის, რომ ყველა დანარჩენ, მნიშვნელოვან საკითხს ჰქონდეს დაძვრის შანსი. ასეთი საკითხებია პოლიტპატიმრები – მელია, რურუა, პოლიტიკური დევნა და ვადამდელ არჩევნებამდე მისვლა. 

ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის პირდაპირი გზაა პოლიტიკური შეთანხმება, როცა ასეთი კრიზისია, წესით, მეტი არაფერი უნდა იყოს საჭირო. თუმცა, იმის გამო, რომ პასუხისმგებლობა გულისხმობს, რთულ ვითარებაშიც ეძებო გამოსავალი, დავუშვით პლებისციტი, სადაც ხალხს ვეკითხებით, გსურთ თუ არა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ, ცხადია, ეს არჩევანი ასევე მოიცავს საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც.

თქვენ იცით, რომ ხშირად, ოპოზიცია და ჩვენი პოლიტიკური გუნდი – ევროპული საქართველო, თავდასხმების ობიექტი გამხდარა იმ ხალხისგან, ვინც ძალიან გაბრაზებულია იმ სიტუაციის გამო, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება, და ამიტომ ითხოვენ სწრაფ ცვლილებებს. მაგრამ ლიდერების პასუხისმგებლობა სწორედ იმაშია, რომ ამ ლეგიტიმურ ბრაზსაც კი არ აყვნენ და ცივი გონებით შეაფასონ შანსები, რა მოუტანს მეტ ზიანს ქვეყანას და რა – ნაკლებს. 

შეთანხმება, რა თქმა უნდა, არის სასურველი, მაგრამ იგი უნდა იყოს ისეთი, როგორიც, ჩვენი რწმენით, არის ქვეყნის ინტერესებში და არის გონივრული. ეს შეთანხმება უნდა იყოს ჩიხიდან გამოსვლის მკაფიო გზა."

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი ფორმულაზე, ინტერნეტ-ჩართვისას გააკეთა.

 

კომენტარები