ოსკარი 2021

ფილმმა, რომელზეც ქართული კომპანია POSTRED მუშაობდა, ოსკარის ნომინაცია მიიღო

Facebook

2021 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია. 10 ნომინაციით "ოსკარებს" დევიდ ფინჩერის ბიოგრაფიული დრამა "მანკი" ლიდერობს.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში A Concerto Is A Conversation მოხვდა, რომლისთვისაც ქართულმა პოსტ პროდაქშენ კომპანია Postred-მა იმუშავა.

Postred ქართული აუდიო პოსტპროდუქციის კომპანიაა, რომელიც 2015 წელს ხმის დიზაინერმა ბესო კაჭარავამ და კომპოზიტორმა ზვიად მღებრიშვილმა დააფუძნეს. 6 წლის განმავლობაში კომპანიამ ათობით ქართულ და უცხოურ ფილმზე, მათ შორის სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულ ნამუშევრებზე – “სოვდაგარზე” და “Cusp”-ზე, კანის კინოფესტივალის მონაწილე გახმაურებულ LGBT დრამაზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ზე, სან-სებასტიანისა და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალების ტრიუმფატორზე “დასაწყის”-ზე იმუშავეს. Postred ქართულ ბაზარზე წამყვანი გუნდია, რომელიც მუსიკის, საუნდ ედიტინგის, საუნდ მიქსინგის და ფოლის სერვისებზე სპეციალიზირდება.

მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარი გმირი პიანისტია, რომელიც საკუთარი ოჯახის წარსულის მოკვლევით არის დაკავებული. განვლილი წლების შესწავლაში მას 91 წლის ბაბუა ეხმარება.

"ოსკარის" გამარჯვებულთა ვინაობა 2021 წლის 25 აპრილს გახდება ცნობილი.

კომენტარები