ოსკარი 2021

ენტონი ჰოპკინსი: არ მეგონა ოსკარს თუ მივიღებდი, მინდა პატივი მივაგო ჩედვიკ ბოუზმენს

ფილმ The Father-ში შესრულებული როლისთვის, სერ ენტონი ჰოპკინსმა კარიერაში მეორე ოსკარი მოიპოვა. უელსელი მსახიობი დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია, შესაბამისად, სამადლობელი სიტყვა მეორე დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"დილა მშვიდობის. მშობლიური უელსიდან გერთვებით, 83 წლის ვარ და არ მეგონა, ამ ჯილდოს თუ მივიღებდი, ნამდვილად არ მეგონა. დიდი მადლობა ამერიკის კინოაკადემიას. მინდა პატივი მივაგო ჩედვიკ ბოუზმენს, მან ნაადრევად დაგვტოვა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ეს დიდი პატივია". – ამბობს მიმართვაში მსახიობი.

საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ფავორიტად ჩედვიკ ბოუზმენი ითვლებოდა, რომელიც 2020 წელს მოულოდნელად, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. Ma Rainey's Black Bottom-ში შესრულებული როლისთვის მსახიობმა სიკვდილის შემდეგ ოქროს გლობუსი და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო მიიღო.

ჰოპკინსისთვის ეს რიგით მეორე ოსკარია, პირველი ოქროს ქანდაკება კრავთა დუმილში შესრულებულმა ლეგენდარულმა როლმა მოუტანა. 

ახალ ფილმში ენტონი ჰოპკინსი დემენციით დაავადებულ მამას თამაშობს, რომელსაც ურთულდება ურთიერთობა შვილთან, რომელსაც ოსკაროსანი ოლივია კოლმენი ასახიერებს.

 

კომენტარები