ვაქცინაცია

გაბუნია: არ დასტურდება მიზეზშედეგობრივი კავშირი AstraZeneca-სა და თრომბოემბოლიას შორის

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დღეს არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კავშირს AstraZeneca-სა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის. მისივე თქმით, ვაქცინაციის შემდეგ თრომბოემბოლიის განვითარების რისკი ისეთივეა, როგორიც მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა.

"დღეს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზშედეგობრივ კავშირს AstraZeneca-სა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, არ არსებობს. შესაბამისად, ვაქცინაციის შემდეგ თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა, როგორიც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა. მოგეხსენებათ, თრომბოემბოლია ისედაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მთელ რიგ დაავადებებთან და ასევე სხვა რისკ-ფაქტორებთან. ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის არ ადასტურებს". – თქვა თამარ გაბუნიამ. 


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინასა და ადამიანებში განვითარებულ თრომბს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. 

მიმდინარე კვირაში იტალია, რუმინეთი, ტაილანდი და ისლაინდია შეუერთდნენ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებმაც AstraZeneca-ს გამოყენება დროებით შეაჩერეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბი, რომელიც ზოგიერთ ვაქცინირებულ პაციენტში გამოვლინდა, ამ ვაქცინას უკავშირდება. WHO-ს პრესსპიკერის თქმით, ვაქცინას არავითარი კავშირი არ აქვს თრომბის განვითარების რისკთან, თუმცა ორგანიზაცია მაინც ყურადღებით ეკიდება და შეისწავლის ყოველ ასეთ შემთხვევას.

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, AstraZeneca-ს პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 13 მარტის დილას ჩამოვიდა.

კომენტარები