ვაქცინაცია

ცერცვაძე: არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლია დაკავშირებული იყო AstraZeneca-ს ვაქცინასთან

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნების თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინასა და ზოგიერთ ვაქცინირებულში განვითარებულ თრომბოემბოლიას შორის კავშირი არ დადასტურდა. მისივე თქმით, ვაქცინირებულ მოსახლეობაში თრომბოემბოლიის შემთხვევები რაოდენობრივადაც მეტი არ არის, ვიდრე არ არის, ვიდრე არავაქცინირებულებში. 

"16 მილიონი ადამიანი აიცრა AstraZeneca-თი და რამდენიმე ათეული, 30 შემთხვევაა, როცა განვითარდა თრომბოემბოლიური გართულება და რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. პირველი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრიაში, შემდეგ დანიაში, იყო შემთხვევები იტალიაში და რამდენიმე ქვეყანამ დროებით შეაჩერა AstraZeneca-ს გამოყენება, თუმცა მხოლოდ იმის გარკვევამდე, სანამ სპეციალური კომისია გაარკვევდა თრომბოემბოლიის და გარდაცვალების შემთხვევები დაკავშირებული იყო თუ არა ვაქცინასთან. ამაზე ინტენსიურად იმუშავა ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების სპეციალურმა კომისიამ, ევროპის წამლის სააგენტომ და კიდევ არაერთმა ორგანიზაციამ. მათ უკვე გამოაქვეყნეს ოფიციალური დასკვნა. არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ გართულებები დაკავშირებული იყო AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებასთან.

გარდა იმისა, რომ ეს არ იყო დაკავშირებული პრეპარატთან, რაოდენობრივადაც მეტი არ იყო, ვიდრე არავაქცინირებულ მოსახლეობაში თრომბოემბოლიის შემთხვევები". – თქვა ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინასა და ადამიანებში განვითარებულ თრომბს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. 

მიმდინარე კვირაში იტალია, რუმინეთი, ტაილანდი და ისლაინდია შეუერთდნენ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებმაც AstraZeneca-ს გამოყენება დროებით შეაჩერეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბი, რომელიც ზოგიერთ ვაქცინირებულ პაციენტში გამოვლინდა, ამ ვაქცინას უკავშირდება. WHO-ს პრესსპიკერის თქმით, ვაქცინას არავითარი კავშირი არ აქვს თრომბის განვითარების რისკთან, თუმცა ორგანიზაცია მაინც ყურადღებით ეკიდება და შეისწავლის ყოველ ასეთ შემთხვევას.

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, AstraZeneca-ს პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 13 მარტის დილას ჩამოვიდა.

კომენტარები