პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის

ფორმულა

"ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც დღეს შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ, ეს არის გზა, თუ როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე".- ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე და აღნიშნავს, რომ პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად. 

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იქნება "ნდობის აღდგენის მექანიზმი, რომ შეთანხმება საერთოდ შედგეს". მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის კიდევ მეტად გამწვავება დააზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროპასთან ურთიერთობაში.

"მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც უნდა გადადგან ყველა ნაბიჯი, რომ თავიდან აიცილონ კრიზისის გამწვავება, რაც მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ჩვენს სახელმწიფოს და კიდევ ერთხელ მინდა, ხმამაღლა განვაცხადო, ამ კრიზისის გამწვავება, მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება, შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. რუსეთის ინტერესებშია, რომ ევროკავშირი ხელცარიელი წავიდეს ამ პროცესიდან, ვერ შეძლოს ჩვენს ქვეყანაში იმ მნიშვნელოვანი როლის თამაში, რასაც ჰქვია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში ხელშემწყობი ფუნქციის შესრულება, იმიტომ რომ რუსეთს საერთოდ არ სურს, რომ ევროკავშირი თამაშობდეს ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ყველა საკითხზე - პოლიტპატიმრებზე, ვადამდელ არჩევნებზე პოზიცია, რომ ისინი არ აპირებენ არანაირ დათმობაზე წასვლას, პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის ინტერესებს".- ამბობს სამადაშვილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნების ლიდერებს უკვე შეხვდა. როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, მმართველი გუნდი დანიელსონს დღის განმავლობაში კიდევ შეხვდება.  მისივე თქმით, "ეს მიმდინარე პროცესია, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს და ვიდრე არ დასრულდება, მანამდე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ".


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოს 14 მარტს დატოვებს. 

კომენტარები