ვაქცინაცია

ვაქცინის შემოტანა სინათლეა გვირაბის ბოლოს – კარლ ჰარცელის მიმართვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ვიდეომიმართვით ქვეყანას COVID-ვაქცინის პირველი დოზების მიღებას ულოცავს. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი COVAX პლატფორმის საშუალებით მიიღო.

"პანდემიის დასაწყისიდანვე ევროკავშირი და ევროპის გუნდი საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერები არიან და ფინანსურადაც ეხმაურებიან როგორც მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ისე უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ ინიციატივებს და კერძო სექტორის ძალისხმევას. საქართველოსთვის გამოყოფილი მხარდაჭერის ეს პაკეტი ყველაზე დიდია ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული დახმარების თვალსაზრისით. 

დღეს, ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და სინათლეა გვირაბის ბოლოს. ევროკავშირი კვლავაც გვერდში უდგას საქართველოს ვირუსთან ბრძოლის გზაზე". – თქვა კარლ ჰარცელმა


შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, AstraZeneca-ს პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 13 მარტის დილას ჩამოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის ასტრაზენეკას 129 600 დოზა, ხოლო ფაიზერის 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირებულის სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

კომენტარები