საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს, 12:00 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა ექნება სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციისთვის სასურველი დრო და ადგილი დაჯავშნოს.
"დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის და გეგმის მიხედვით, საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი".- ამბობს ტიკარაძე.
შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ასტრაზენეკას პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის ასტრაზენეკას 129 600 დოზა და ფაიზერის 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.
ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.
პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელსაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვს. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.





