ჩანაწერები

TV პირველი განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

TV პირველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მისცა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ტვ პირველის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მოსამართლე კლდიაშვილის მიღებული გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა და სააპელაციო სასამართლომ განჩინება ამ არგუმენტებზე დაყრდნობით უნდა განიხილოს და გაუქმებულად გამოაცხადოს.

"ჩვენ სხვა სამართლებრივი გზა, თუ არა ის, რომ სამართლებრივი ბრძოლა გავაგრძელოთ, არ გვაქვს. განჩინება, რომელიც საქართველოს სახელით აქვს მიღებული მოსამართლე ლაშა კლდიაშვილს და რომელიც ცალსახად კანონსაწინააღმდეგოა თავისი შინაარსით, შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამიტომ, ჩვენ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოვამზადეთ სააპელაციო სასამართლოსთვის საჩივარი, სადაც დეტალურად აღვწერეთ, თუ რატომ არის უკანონო ლაშა კლდიაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ვთხოვთ სააპელაციო სასამართლოს, სწორედ ამ არგუმენტებზე დაყრდნობით იმსჯელოს პირველ რიგში და შემდგომ ძალადაკარგულად, გაუქმებულად გამოაცხადოს აღნიშნული გადაწყვეტილება". – ამბობს მშვენიერაძე

მშვენიერაძის თქმით, ქართული ოცნების წევრების განცხადებების მიუხედავად ტელეკომპანიაში არ შესვლასთან დაკავშირებით, ტელევიზიისთვის რთულია მუდმივი საფრთხის რეჟიმში მუშაობა.

"ვერ გაძლებს ტელევიზია, არ არის სწორი, ტელევიზია ერთი თვის მანძილზე იმყოფებოდეს მოლოდინში, მიუხედავად პოლიტიკოსების და პროკურატურის გაკეთებული განცხადებისა, რომ არანაირი შემოსვლა არ იქნება ტელევიზიაში, მაინც არ იქნება სწორი ტელევიზია ამ მოლოდინით ცხოვრობდეს ერთი თვის მანძილზე, როდის მოვა მის კართან და მოაკაკუნებს რომელიმე გამომძიებელი".– თქვა მშვენიერაძემ


სასამართლომ გამოძიებას უფლება მისცა, TV პირველიდან მასალების ამოღებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო.  

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები