ჩანაწერები

კალაძე TV პირველზე: ბევრი საკითხი გაზვიადებული იყო, არავინ არსად შევარდნას არ აპირებს

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი, კახა კალაძე ტელეკომპანია პირველთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინებას ეხმაურება. კალაძის შეფასებით, ბევრი საკითხი გაზვიადებული იყო და "არავინ არსად შევარდნას არ აპირებს".  

"პირველი, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორუფლებიანი. რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად დასრულდეს კონკრეტულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. 

ამ თემაზე ბევრი განცხადება იყო გაკეთებული. ბევრი კონკრეტული საკითხი იყო გაზვიადებული. ასე რომ, არავინ არსად შევარდნას არ აპირებს, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით". - ამბობს კალაძე.  


სასამართლომ გამოძიებას უფლება მისცა TV პირველიდან მასალების ამოღებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები