ღარიბაშვილი TV პირველზე: არავითარი შეჭრა არ იგეგმება, პანიკის საფუძველი არ არსებობს

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ მთავრობა არ აპირებს TV პირველში შეჭრას და "პანიკისა და განგაშის" საფუძველი არ არსებობს.

"რაც შეეხება TV პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, რა თქმა უნდა, ესაა აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ესაა აბსურდი, არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან. მინდა, შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ ჩვენ დღეს 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა იმედის დარბევა და შეჭრა იმედში. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს". – ამბობს ღარიბაშვილი.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. 

პროკურატურის განაცხადების თანახმად, სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება.

ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება,  რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები