ჩანაწერები

სტრატეგია აღმაშენებელი: სასამართლომ უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ

სტრატეგია აღმაშენებლი TV პირველთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს: "ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!". განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.

"ტელეკომპანია პირველთან დაკავშირებული განჩინებით სასამართლომ ფაქტობრივად პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ და ამოიღონ ნოდარ მელაძის რეპორტაჟში გასული კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო აღნიშნული მატარებელი.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტლებას არანაირი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლო პროცესთან და იგი ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით და ემსახურება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა, რაც ასევე განმტკიცებულია ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, რომელსაც პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს საქართველოში. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას: ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!" – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები