აშშ

არკანზასის გუბერნატორმა აბორტის ამკრძალავ კანონს ხელი მოაწერა

ასა ჰატჩინსონი

აშშ-ს ერთ-ერთ შტატში, არკანზასში ახალი კანონი მიიღეს, რომელიც აბორტს თითქმის ყველა შემთხვევაში, მათ შორის გაუპატიურების ან ინცესტის შემდგომ ორსულობის დროსაც კრძალავს.

ცვლილებების ფარგლებში არკანზასში აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ლეგალური, თუ ორსულობა ქალის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. კანონპროექტი ძალაში ზაფხულში შევა, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია American Civil Liberties Union-ი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

არკანზასის რესპუბლიკელი გუბერნატორის ასა ჰატჩინსონის თანახმად, მან კანონს ხელი თავისი "წრფელი და მრავალწლიანი" აბორტის საწინააღმდეგო მოსაზრებებიდან გამომდინარე მოაწერა. გუბერნატორის განმარტებით, ახალმა კანონპროექტმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილების შეცვლას, რომელის თანახმადაც, უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ცალკეული შტატების კანონები, რომელებიც ორსულობის სამ თვემდე ვადაში აბორტს კრძალავდა. სასამართლომ განსაზღვრა, რომ სამ თვემდე აბორტის გაკეთების საკითხი ქალისა და მისი ექიმის გადასაწყვეტია. თუ უზენაესი სასამართლო 1973 წლის გადაწყვეტილებას შეცვლის, შტატები დამოუკიდებლად შეძლებენ, განსაზღვრონ აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

თავად ჰატჩინსონი ამბობს, რომ ისურვებდა კანონის ფარგლებში აბორტი დაშვებული იყოს იმ შემთხვევებში, როცა ორსულობის მიზეზი გაუპატიურება ან ინცესტია.

აბორტი აშშ-ში საკამათო საკითხია. ბოლო წლებში რამდენიმე შტატმა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაამკაცრა. ე.წ. "გულისცემის" კანონი, რომელიც ემბრიონის გულისცემის დაფიქსირების შემდეგ თითქმის ყველა შემთხვევაში კრძალავს აბორტს, ლუიზიანას, კენტუკის, ჯორჯიის, მისისიპის და ალაბამას შტატებში მიიღეს.

კომენტარები