პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

სამეფო ოჯახმა ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუს შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა

NBC

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის რეზიდენცია - ბუკინგემის სასახლე პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუს განცხადებით გამოეხმაურა.

"მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის აღმოჩენით, თუ რამდენად გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა ჰარისა და მეგანისთვის უკანასკნელი წლები". – წერია განცხადებაში.

Cbs-ზე გასული ინტერვიუს დროს მეგან მარკლმა თქვა, რომ მის შვილს, არჩის, პრინცის სტატუსი კანის ფერის გამო არ მისცეს და კონკრეტულად არ დაასახელა ადამიანები სამეფო ოჯახიდან, რომლებმაც ამ თემაზე ჰარისთან ილაპარაკეს. პრინცმა ჰარიმ თქვა, რომ ამ საუბრის საჯაროდ მოყოლას არ აპირებს და იქვე, წუხილი გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ სამეფო ოჯახმა არც ერთხელ არ დაგმო ბრიტანული ტაბლოიდების სტატიები მეგან მარკლის რასობრივი კუთვნილების შესახებ.

სავარაუდოდ, ამის პასუხია ბუკინგემის განცხადების შემდეგი ნაწილი.

"წამოჭრილი საკითხები, განსაკუთრებით რასობრივი, შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მოგონება, შესაძლოა, შეცვლილი იყოს, ისინი ძალიან სერიოზულად არის მიღებული და ოჯახი ყველაფერს განიხილავს დახურულ კარს მიღმა".

განცხადების ბოლოს ვკითხულობთ:

"ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის ეყვარებათ ოჯახის წევრებს".

ოპრა უინფრისთან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუ 8 მარტს გამთენიისას გავიდა.

2-საათიანი ინტერვიუს განმავლობაში წყვილმა ძირითადად დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრების სირთულეებსა და ამავე ოჯახის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

 

კომენტარები