ენერგეტიკა

თურნავა: ჰიდროენერგეტიკა "არა ჰესებს" კამპანიის გამო ჩამორჩა ეკონომიკის განვითარებას

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე საქართველოს ენერგოსექტორში არსებულ მდგომარეობასა და ჰიდროენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თურნავას თქმით, ჰიდროენეგეტიკა ეკონომიკის სწრაფი განვითარების პროცესს რიგი პრობლემების, მათ შორის "არა ჰესებს" კამპანიის გამო ჩამორჩა. 

"ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი გასაოცარი და შემაშფოთებელი რამ გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება, ასეთი ცნებები არ არსებობს და ეს არის რაღაც მოგონილი, არარეალისტური და ჩვენ არ გვჭირდება საკუთარი ჰიდროენერგეტიკის, საკუთარი რესურსების განვითარება. ძალიან მარტივად ავხსნი, თუ რას ნიშნავს ასეთი მცდარი მიდგომა საქართველოსთვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, მაგრამ ჰიდროენერგეტიკა, ჰესების მშენებლობა ჩამორჩა ამ პროცესს მთელი რიგი პრობლემის გამო, მათ შორის, "არა ჰესებს" კამპანიის გამოც". – ამბობს თურნავა. 

თურნავა თქმით, ელექტროენერგიის იმპორტი 2010 წლიდან დღემდე 1.6 მლრდ კვტ.სთ-მდე გაიზარდა, ხოლო იმპორტის საფასურის სახით ქვეყნის გარეთ 200 მლნ დოლარზე მეტი გავიდა, რომლის გამოყენებაც ლარის კურსის გამყარებისთვის შეიძლებოდა. 

"თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი სულ 200 მლნ კვტ.სთ-ზე ოდნავ მეტი იყო, ახლა გვიხდება 1.6 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტის, ანუ 8-ჯერ მეტის შემოტანა. ამას თუ დავამატებთ, 3 მლრდ კვტ.სთ-ის ელექტროენერგია რომ გამომუშავდება გაზის თბოსადგურებზე, ანუ, ისევ და ისევ, იმპორტული გაზის რესურსზეა დამყარებული, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი დღეს იმპორტზეა დამოკიდებული. მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს, როდესაც ჩვენ ესოდენ გვიჭირდა, 200 მლნ დოლარზე მეტი გავიდა ქვეყნის გარეთ ელექტროენერგიის და გაზის იმპორტის საფასურის სახით, როდესაც ეს რესურსი წაადგებოდა, თუნდაც, ლარის კურსის გამყარებას ქვეყნის შიგნით". – ამბობს ნათია თურნავა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაავალა, ადგილზე ჩასულიყვნენ და ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვებზე მოსახლეობისთვის ეპასუხათ. თურნავამ და დავითაშვილმა მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს. 

100 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ მანამდე, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს. 

კომენტარები