მიანმარი

მიანმარი ინდოეთში თავშესაფრისთვის ჩასული 8 პოლიციელის დაბრუნებას ითხოვს

EPA

მიანმარმა მეზობელ ინდოეთს რამდენიმე პოლიციელის დაბრუნებას სთხოვა, რომლებმაც ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვეს და საზღვარი თავშესაფრის ძიებაში გადაკვეთეს.

ინდოეთის ოფიციალური პირების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღეში, რამდენიმე პოლიციელმა ოჯახებთან ერთად ინდოეთის საზღვარი გადაკვეთეს.

​ოფიციალურ წერილში მიანმარი მათ დაბრუნებას "მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობის ფარგლებში" ითხოვს. 

პოლიციელების დაბრუნების თხოვნის წერილი ინდოეთის მიზორამის შტატის ჩამპჰაის რაიონის რწმუნებულის მოადგილემ, მარია ზუალიმ მიანმარის ფალამის რაიონიდან მიიღო. ამის შესახებ ზუალიმ გამოცემა Reuter-ს უთხრა. წერილის თანახმად, მიანმარს 8 პოლიციელის შესახებ აქვს ინფორმაცია.

"ორ მეზობელ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობის ფარგლებში, გთხოვთ მიანმარის პოლიციის 8 თანამშრომლის, რომლებიც ინდოეთის ტერიტორიაზე ჩავიდნენ, დაკავებასა და მიანმარისთვის გადაცემას". – წერია წერილში.

მარია ზუალი ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელის ინსტრუქციას.

Reuters-ის თანახმად, ბოლო დღეებში 30-მდე ადამიანმა, მათ შორის პოლიციის ოფიცრებმა და მათმა ოჯახებმა თავშესაფრის ძიებაში გადაკვეთეს ინდოეთ-მიანმარის საზღვარი.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტების წინააღდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.

კომენტარები