რუსთავი 2

სალია რეორგანიზაციაზე: გვინდა, R2 უფრო წარმატებული იყოს და რეიტინგში პირველობა დავიბრუნოთ

"გვინდა, ჩვენი სტრუქტურა იყოს უფრო ეფექტური" - ამის შესახებ რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციაზე განაცხადა. მან ტაბულას უთხრა, რომ 2019 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი შეიცვალა, სტრუქტურა იყო არეული.

"მორღვეული იყო, იგივე პროდაქშენის, ტექნიკური და ნიუსის ნაწილი, ფუნქციები იყო აღრეული, უბრალოდ წელიწად-ნახევრის განმავლობაში არ მოიძებნა სათანადო დრო, რომ უფრო მეტი ყურადღება მიგვექცია და არსებული სტრუქტურით ვაგრძელებდით მუშაობას. მოგეხსენებათ, საარჩევნო წელი იყო და მთელი რესურსი გადართული გვქონდა იმაზე, რომ სათანადო გადაცემები გვქონდა. გახსოვთ, კარგა ხნის განმავლობაში საერთოდ არ გვქონოდა პოლიტიკური ტოქშოუ, რესურსიც მწირი გვქონდა, ადამიანური, ამიტომ ვერ მოვახერხეთ, დაგვეგეგმა, როგორ მოგვეხერხებინა სტრუქტურის გარდაქმნა. 

ახლა ვმუშაობთ ამაზე, შესაძლოა, მოხდეს ან რაღაც ნაწილში ადამიანების დამატება, რაღაც ნაწილში შემცირება და ა.შ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტელევიზია უფრო წარმატებული იყოს და რეიტინგი მოვიმატოთ და მიზანი გვაქვს, რომ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება, ისევ გავხდეთ პირველები რეიტინგში" - უთხრა სალიამ ტაბულას.

პაატა სალიას ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის მიზეზი "პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა". დოკუმენტის ცნობით, რუსთავი 2-ის საქმიანობის "ეფექტურობის გაზრდის" მიზნით, მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირება და კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის ოპიტიმიზაცია.

"10 აპრილამდე უნდა განხორციელდეს კომპანიის სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდეს არსებული სტრუქტურა და დამტკიცდეს ახალი" - ნათქვამია ბრძანებაში.

რუსთავი ორი 2019 წლის 18 ივლისს ქიბარ ხალვაშს გადაეცა, იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. რუსთავი ორიდან წასულმა თანამშრომლებმა ტელეკომპანია მთავარი არხი დააფუძნეს.

კომენტარები