მიანმარი

მიანმარელი სამხედროები დემონსტრანტებს TikTok-ის აპლიკაციით აშინებენ

Reuters

მიანმარელი სამხედროები და პოლიციელები ჩინურ სოციალურ ქსელ TikTok-ში ვიდეოჩანაწერებს ტვირთავენ, რომლებშიც სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს მოკვლით ემუქრებიან.

აპლიკაციამ მსგავსი ვიდეოების წაშლა დაიწყო.

თებერვლიდან დაწყებული, TikTok-ზე ასობით მსგავსი ვიდეოა ატვირთული. განსაკუთრებით ბევრი ვიდეო აიტვირთა 4 მარტს, 38 დემონსტრანტის მოკვლის წინა დღეებში. 

მსოფლიო პრესსამსახურებმა მიანმარის სამხედრო ხუნტას კომენტარის გაკეთება მოსთხოვეს, მაგრამ ისინი ამ საკითხს არ პასუხობენ.

ერთ-ერთ ატვირთულ ვიდეოში სამხედრო იარაღს კამერას უმიზნებდა და დემონსტრანტებს მოკვლით ემუქრებოდა.

"ყველას პირდაპირ თავში გესვრით... ნამდვილ ტყვიებს ვიყენებ. მთელი ღამე ვაპირებ ქალაქში პატრულირებას და ვისაც დავინახავ, ყველას ვესვრი. თუ ვინმეს უნდა, რომ წამებული გახდეს, სურვილს ავუსრულებ" - მიმართავს ვიდეოჩანაწერში მიანმარელი სამხედრო დემონსტრანტებს.

TikTok-ის წარმომადგენლების თქმით, მათი აპლიკაცია არ უშვებს ძალადობისა და საზიანო ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და ისინი მსგავსი ვიდეოების წაშლას გააგრძელებენ. 


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტების წინააღდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.

კომენტარები