შვეიცარია

შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმი გაიმართება

PBS

"დასრულდეს ექსტრემიზმი!" – ამ მოწოდებას შეხვდებით ციურიხის მახლობლად არსებულ მომცრო სოფელში. ფრაზა, რომელიც წითელ ბილბორდზეა განთავსებული, თავსაბურავიანი, სახედაფარული ქალის პორტრეტს მიემართება. 

ბილბორდი შვეიცარიის ულტრამემარჯვენე, Swiss People's Party-ის კამპანიის ნაწილია, რომელიც საჯარო სივრცეში სახის ნიღბით დაფარვის აკრძალვას გულისხმობს. საკითხზე რეფერენდუმი კვირას, 7 მარტს გაიმართება, თუმცა, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველი აკრძალვას მხარს დაუჭერს. 

"საკუთარი სახის დაუფარავად ჩვენება შვეიცარული ტრადიციების ნაწილია, ეს ჩვენი საბაზისო თავისუფლების გამოვლინებაა". – აცხადებს ვოლტერ ვობმანი, SVP-ს წევრი და რეფერენდუმის კომიტეტის თავმჯდომარე. 

ეს წინადადება შვეიცარიისა და ისლამის დაძაბული ურთიერთობის ნაწილია. ჯერ კიდევ 2009 წელს ქვეყანამ ახალი მინარეთების მშენებლობა აკრძალა.

ვობმანის მიხედვით, აკრძალვა ისლამის წინააღმდეგ მიმართული კამპანია არ არის, მაგრამ მისივე თქმით, "სახის დაფარვა ექსტრემისტული, პოლიტიზებული ისლამის სიმბოლოა, რომლის ადგილიც შვეიცარიაში არ არის". 

ანალოგიურ განწყობებს ვხვდებით ევროპის სხვა ქვეყნებშიც. საფრანგეთმა სახის სრულად დასაფარი ნიღბის ტარება 2011 წელს აკრძალა, დანიას, ავსტრიასა და ნიდერლანდებს კი ნაწილობრივი ან სრული აკრძალვის წესები აქვთ შემოღებული. 

მეორე მხრივ, ლუცერნის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, შვეიცარიაში ბურქას არავინ ხმარობს, ნიქაბს კი მხოლოდ 30-მდე ქალი ატარებს. მისი თქმით, "თითქმის შეუძლებელია, შვეიცარიის ქუჩებში სახედაფარული ქალი შეგხვდეთ". მუსლიმები შვეიცარიის მოსახლეობის 5.2%-ს შეადგენენ. 

 

 

კომენტარები