ვაქცინაცია

"რომ ჩინური ვაქცინით დაგვეწყო აცრები"  – რას ასახელებს პაატა იმნაძე შეცდომად

"მე ახლავე შემიძლია, ვთქვა - არ ვიყავი ძალიან, ასე ვთქვათ ბოლომდე ის... რომ ჩინური ვაქცინით დაგვეწყო აცრები ქვეყანაში". – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ TV ფორმულას კითხვას, რა არის ერთი შეცდომა, რომელიც ვაქცინაციის პროცესში დაუშვეს.

"ჩინურ ვაქცინაზე რომ ვთქვით დაახლოებით ორი თვის წინ, რომ შეგვიძლია, ქვეყანაში ჩინური ვაქცინა შემოვიტანოთ, რა ამბავი ატყდა, გახსოვთ? არ გახსოვთ? ცალკე მე მატრიალებდნენ, ცალკე თენგიზ ცერცვაძეს ატრიალებდნენ... კარგით რა". – თქვა იმნაძემ.

კითხვაზე, თუ სჯეროდათ, რომ ეს გამოსავალი იყო, რატომ არ შემოიტანეს ჩინური ვაქცინა მათთვის, ვისაც სურდა, ეპიდემიოლოგი პასუხობს - "იქნება, რა თქმა უნდა, ისიც იქნება, ყველა ვაქცინა [იქნება"] .

ამის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა პაატა იმნაძეს ჰკითხა, რუსული ვაქცინა თუ იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, "რუსულ ვაქცინაზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ ეს არ არის სამედიცინო საკითხი". 

ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ "საქართველო იქნება ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს", თუმცა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა არ არის.

ვაქცინის პირველი პარტია თებერვალში უნდა შემოსულიყო. ლაპარაკია, Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის დაახლოებით 30 000 დოზაზე, რომელიც სამედიცინო პერსონალის აცრას მოხმარდებოდა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგების განცხადებით, Covax-პლატფორმიდან ვაქცინის მოწოდება მარტის ბოლომდე გადაიდო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ფაიზერმა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რაც პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევას უკავშირდება. 

პირველ მარტს IPN-მა COVAX-ის განმარტება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ თებერვალში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამაზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრეტაცია" უწოდეს. უწყებამ იმავე დღეს თქვა, რომ კოვაქსს "ნახევარი საათის წინ" მიმართეს და განცხადების განმარტება მოსთხოვეს. მეორე დღეს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კოვაქსთან გაუგებრობა ამოიწურა.

საქართველოში ფაიზერის გარდა, Covax-პლატფორმიდან ასტრაზენეკას 184 000 დოზა ვაქცინა უნდა შემოსულიყო, თუმცა, NCDC--ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში პირველად ვაქცინის ის დოზები შემოვა, რომელიც პირდაპირ მწარმოებლისგან იყიდეს. მისი აზრით, ეს უფრო რეალური ჩანს.

ვაქცინაცია უკვე დაიწყო მსოფლიოს 103 ქვეყანაში. ჯამურად ამ ქვეყნებში 241 მილიონი აცრა გაკეთდა.

კომენტარები