შარლ მიშელის ვიზიტი

"ქართული ოცნება მშვიდობიან სამოქალაქო აქტივისტებს ატერორებს " – აქტივისტები შარლ მიშელს

ტაბულა

სამოქალაქო აქტივისტები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ და წერილში ქვეყანაში  აქტივისტების დევნაზე საუბრობენ. 

ტაბულა წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"მივესალმებით თქვენ ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ერის ურყევი სურვილია შექმნას დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც თავისუფალი სამყაროს და ევროპის  სრულფასოვანი წევრი იქნება.

2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა ასეულობით აქტივისტი. უკანასკნელი თვის განმავლობაში პოლიცია თითქმის ყოველდღე აკავებდა სამოქალაქო აქტივისტებს შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის და საპროტესტო კარვის დადგმის მცდელობისთვის.

ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული იყოს სასამართლოს საშუალებითაც. პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლეები დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს ცნობენ დამნაშავედ და აჯარიმებენ მტკიცებულებებს და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე.

ამასთან ერთად, ქართული ოცნება მიზანმიმართულად აწარმოებს მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტების ტერორს და თავდასხმას. უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში ქ.ბათუმში და ქ.ქუთაისში საპროტესტო კარვებს მიზანმიმართულად დაეჯახათ ავტომობილები. დამნაშავეები ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშირებულნი და პოლიციას არ დაუკავებია.

მიგვაჩნია, რომ თავდამსხმელები, პოლიცია, მმართველი პარტია, სასამართლო, პროკურატურა კოორდინირებულად მოქმედებენ სამოქალაქო აქტივისტების დევნისთვის.

გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები საქართველოში რეპრესიების შესაჩერებლად". – აღნიშნულია განცხადებაში. 

ხელმომწერები:

მოძრაობა საქართველოსთვის;

მოძრაობა სირცხვილია;

მოძრაობა შეცვალე;

სამოქალაქო მოძრაობა გხედავ;

მოძრაობა მე მიყვარს ბათუმი;

მოძრაობა იმოქმედე

სამოქალაქო პლატფორმა - დემოკრატიული მომავლისათვის.

კომენტარები