ტექნოლოგიური გიგანტები

ავსტრალიამ ახალ ამბებთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო

ფოტო: ft.com

ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს ავალდებულებს, რომ მათ ახალი ამბების გამოყენებისთვის მედიაგამომცემლობებს გადაუხადონ. 

Facebook-ისა და Google-ის მხრიდან წინააღმდეგობების მიუხედავად, დღეს, 25 თებერვალს, ავსტრალიის პარლამენტი შეთანხმდა ინტერნეტსივრცის მარეგულირებელ კანონზე, რომელიც, გარდა უშუალოდ გადასახადებისა, სხვა ტიპის რეგულაციების დაწესების საშუალებასაც იძლევა. 

"ახალი კანონი სამართლებრივად უზრუნველყოფს გამომცემლობებისთვის გადახდას მათ მიერ შექმნილი კონტენტისათვის". – ამბობს ხაზინადარი ჯოშ ფრიდენბერგი. 

კანონპროექტის ინიციატორების აზრით, სამაუწყებლო კომპანიები გაცილებით ნაკლებ კომერციულ სარგებელს იღებენ თავიანთი მომზადებული სიახლეებით, ვიდრე ტექნოლოგიური კომპანიები.

ექსპერტების თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა სახელმწიფო ტექნოლოგიურ კომპანიებს გამომცემლობებისთვის გადახდას ავალდებულებს. იმ შემთხვევაში, თუ ავსტრალიური მოდელი გაამართლებს, შესაძლოა, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები სხვა ქვეყნებშიც ვიხილოთ. 

კანონპროექტს მწვავე პროტესტი და წინააღმდეგობა მოჰყვა ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან, მაგალითად: Facebook-მა ავსტრალიური გამომცემლობები დაბლოკა და მოსახლეობას ახალი ამბების გაზიარება აუკრძალა, Google-ი ინტერნეტსერვისების შეწყვეტით იმუქრებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ხისტი პოზიციები დათმეს და მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლეს. 

კომენტარები