ეკონომიკა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.6%-ით შემცირდება - საბიუჯეტო ოფისი

საიმონ დოუსონი / Bloomberg

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით შემცირდება. 

საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, აღნიშნული კლება ძირითადად პანდემიით გამოწვეული როგორც მიწოდების, ასევე, მოთხოვნის შოკით არის განპირობებული. ოფისის პროგნოზის ემყარება რამდენიმე ფუნდამენტურ დაშვებას, მათ შორის პირველ რიგში იმას, რომ მოცემულ პერიოდში ტურიზმის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ით შემცირდება. 

მოსალოდნელია კერძო ინვესტიციების მოცულობის შემცირება, მომსახურებისა და სასაქონლო ვაჭრობის მოცულობა, ასევე იმპორტის შემცირებაც, თუმცა საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, იმპორტის შემცირების ტემპს ექსპორტის შემცირების ტემპი გადააჭარბებს. 

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი იყო ეკონომიკური კლების მაჩვენებელი გასულ თვეში. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი 28 თებერვალს გამოაქვეყნებს.  

პანდემიის მოსალოდნელზე მეტ ხანს გაგრძელების ფონზე, ეროვნული ბანკის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზი მიმდინარე წელთან დაკავშირებით უფრო პესიმისტური გახდა. მოსალოდნელია, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით, 4%-ით გაიზრდება. 

უკვე ცხადია, რომ პირველ კვარტალში მოცულობითი კლების ფონზე წლიური 4%-იანი ზრდის მიღწევა რთული იქნება. ეკონომიკური ზრდა უმთავრესად დამოკიდებული იქნება ტურიზმის აღდგენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ტურიზმი არ აღდგება, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა წელს დაახლოებით 1% იქნება. 

ტურიზმის აღდგენისთვის, თავის მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა მასობრივი ვაქცინაციაა, რაც საქართველოში ჯერ კიდევ არ დაწყებულა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზები თებერვალში უნდა შემოსულიყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ ვადებმა გადაიწია. 

მთავრობის წევრებისა და ეპიდემიოლოგების თქმით, ვაქცინის პირველ დოზებს საქართველო მარტის პირველ ნახევარში მიიღებს. ამ დროისთვის საქართველოს შეძენილი აქვს 30 000 Pfizer-ისა და 334 000 დოზა Astrazeneca-ს ვაქცინა.

კომენტარები