საქართველო - ერთადერთი ქვეყანა, სადაც ტაივანელ ტურისტებს არ უშვებენ

Wallpaperflare

საქართველოში ტაივანის მოქალაქეობის მქონე პირებს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არც ვიზით და არც სხვა დოკუმენტით უშვებენ. ამგვარად სხვა არცერთი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთიც არ იქცევა. 

2019 წლის 1-ლი ოქტომბრის ჰენლის საპასპორტე ინდექსის მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნის პასპორტთა მფლობელთათვის მოგზაურობის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგში, ტაივანის მოქალაქეობის მფლობელ პირებს 145 ქვეყანაში ან ტერიტორიაზე უვიზოდ ან ჩასვლისთანავე ვიზის აღებით შეუძლიათ შესვლა, რითაც ტაივანის პასპორტი სიძლიერით 31-ე ადგილზეა.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტაივანელებს საქართველოში ტრანზიტული ფრენებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, რადგან "საქართველო ტაივანთან არამეგობრულად არის განწყობილი".

"საქართველო ტაივანის წარმომადგენლებისთვის ვიზებს არ გასცემს, სავიზო პროცედურები არ იწარმოება იმიტომ, რომ არ გახლავთ საერთაშორისო სამართლის სუბიექტი," - განმარტავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტაივანის წარმომადგენლებს მხოლოდ გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, რაიმე საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში, უშვებენ საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ ტაივანს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაივანელებს დანარჩენ მსოფლიოში მოგზაურობის უფლება არ აქვთ. ტაივანელები ბევრი ქვეყნისთვის სასურველი ტურისტები არიან, რომლებსაც ვიზით, უვიზოდ, ელექტრონული ვიზით ან სპეციალური დოკუმენტით ჩვეულებრივად უშვებენ თითქმის ყველა ქვეყანაში, რაც ტაივანსა და ამა თუ იმ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებასა და ბიზნეს შესაძლებლობებს ზრდის. საქართველო ამ შესაძლებლობებს აკლდება. 

 

ტაივანი

ჩინეთის სამოქალაქო ომში 1949 წელს მაო ძედუნის გამარჯვების შემდეგ ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა გომინდანი ტაივანში, დღეს ოფიციალური სახელით ჩინეთის რესპუბლიკაში, გაიქცა.

ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია, კანონები, დროშა, ჰიმნი, არმია, საჰაერო ძალები, ფლოტი აქვს. ტაივანში დემოკრატიული არჩევნებით ირჩევენ პრეზიდენტს.

ჩინეთის რესპუბლიკაში 23,77 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ტაივანი ერთერთი აზიური ვეფხვია. დღეს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით 55 244 აშშ დოლარი არის. ტაივანი 22-ე უდიდესი და მე-10 ყველაზე თავისუფალი ეკონომიკაა მსოფლიოში. ტაივანი უცხოური ვალუტის რეზერვების სიდიდით მსოფლიოში მეექვსეა. ადამიანური განვითარების ინდექსით ტაივანი მსოფლიოში 21-ე არის.

 

ერთიანი ჩინეთის პოლიტიკა  ქვეყანას ტავიანელი ტურისტების მიღებაში ხელს უშლის?

ქვეყნების უმეტესობა ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის აღიარებს, რაც ნიშნავს, რომ არსებობს არა ორი, არამედ ერთადერთი ჩინეთი. საერთაშორისო საზოგადოება დღეს ერთიანი ჩინეთის აღიარებისას აღიარებს ჩინეთის სახალო რესპუბლიკას, თუმცა მათ ნაწილს ტაივანთან არაფორმალური ურთიერთობებიც აქვს. ასეთი ქვეყნებია აშშ, იაპონია, ავსტრალია, ევროკავშირის ზოგი ქვეყანა და სხვ.

ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ჩინეთის სახალო რესპუბლიკას აღიარებენ და ასევე ტაივანთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ, ღიაა ტაივანელი ტურისტებისთვის. ეს ქვეყნებია ესტონეთი, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სომხეთი და სხვა. 

გაეროს 193 წევრი სახელმწიფოდან ჩინეთის კომუნისტურ მთვარობას 179 აღიარებს, აქედან კი საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ტაივანელ ტურისტებს განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ჩვეულებრივ, ქვეყანაში არ უშვებს. 

ტაივანელებს მსოფლიოში 145 ქვეყანაში ან ტერიტორიაზე უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ. დანარჩენი 81 დანიშნულებიდან 57-ში ვიზას, 20-ში კი ელექტრონულ ვიზას ითხოვენ.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) უკანასკნელი ინფორმაციით, ის ქვეყნები ან ტერიტორიები, რომლებიც ტაივანელ ტურისტებს უვიზოდ არ უშვებს, ვიზას ან გარკვეულ დოკუმენტს ითხოვენ. ამ მონაცემებით, საქართველო ერთადერთია, სადაც წერია, რომ "მგზავრებს ჩინური ტაიპეის (ჩინეთის რესპუბლიკის, ტაივანის) პასპორტით შესვლა და ტრანზიტი ეკრძალებათ" და ამავდროულად, არც ვიზაზე, არც სხვა ჩამნაცვლებელ დოკუმენტზე ინფორმაცია არ წერია.

 

ტაივანელების მოგზაურობა კონტინენტურ ჩინეთში

ჩინეთიც კი - ქვეყანა, რომელიც ტაივანს არამცთუ არ აღიარებს, არამედ მის განუყოფელ ნაწილად თვლის, ტაივანელებს შესვლას არ უკრძალავს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქვეყანაში შესვლისა თუ ტრანზიტისთვის ტაივანის პასპორტს არ ცნობს, თუმცა 1987 წლიდან ჩინეთში შესასვლელად ტაივანელებზე კონტინენტურ ჩინეთში მოგზაურობის ნებართვის დოკუმენტს გასცემენ. დოკუმენტის აღება გამგზავრებამდე ან დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას არის შესაძლებელი.

ტაივანელებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულებაა.

 

რა ხდება ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან?

ტაივანის მოქალაქეობის მქონე პირებს ევროკავშირში ტურისტული და ბიზნესის მიზნით შესვლა უვიზოდ შეუძლიათ. ევროკავშირში გაჩერების მაქსიმალური ვადა 6 თვის მანძილზე 90 დღე არის.

ტაივანს შევიცარიასთან, ნორვეგიასთან და ისლანდიასთანაც უვიზო მიმოსვლა აქვს.

 

ტაივანელი ვიზიტორები საქართველოში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტაივანელების ვიზიტი საქართველოში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 90%-ითაა შემცირებული, ხოლო თუ 2015 წელს 1042 ტაივანელი ეწვია საქართველოს, 2018 წელს ეს რიცხვი 56-მდე შემცირდა.

საქართველოში ჩამოსულ ტაივანელთა მცირე რაოდენობის გამო, მათი საშუალო დანახარჯებსა და ვიზიტის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

ასევე უცნობია ზემოთ აღნიშნული ვიზიტებიდან, რამდენი იყო ტრანზიტული, ტურისტული თუ ერთდღიანი ვიზიტი.

 

ტურიზმი საქართველოში

გასულ წელს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის დარგის კონტრიბუცია 7.6% იყო, ხოლო ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი საქართველოს მშპ-ის მიმართ 19.9% იყო.

2018 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 8 679 544 მიაღწია, რაც 2017 წელთან შედარებით 9.8%-იანი ზრდა იყო.

2018 წლის მოგზაურობების 66% ტურისტული ვიზიტი იყო (4 756 820).

საერთაშორისო ვიზიტორების ჯამურმა დანახარჯებმა 7.9 მილიარდ ლარს (2.6 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწია, ერთი ვიზიტისას გაწეული საშუალო ხარჯი კი 1 082 ლარი (365 აშშ დოლარს)  იყო. 2017 წელთან შედარებით ეს თითქმის 18%-იანი ზრდაა, როდესაც ტურისტის საშუალო დანახარჯი 888 ლარი იყო.

რეზიდენტობის მიხედვით  საქართველოში ერთ მოგზაურობაზე ყველაზე მაღალი დანახარჯითა და ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტით შემდეგი ქვეყნები გამოირჩევიან: 

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან გაწეული ხარჯით 35-ე ადგილზეა რუსეთი (1 326 ლარი), ხოლო ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობით 28-ე (6.3 ღამე). დანახარჯითა და საშუალო ვიზიტის ხანგრძლივობით 38-დან მე-40 ადგილებს იკავებენ თურქეთი (923 ლარი; 1.6 ღამე), სომხეთი (539 ლარი; 1.8 ღამე), აზერბაიჯანი (385 ლარი; 2.5  ღამე).

შორეული აღმოსავლეთიდან საქართველოში ყველაზე მეტს კორეელი ტურისტები ხარჯავენ (2 282 ლარი), შემდეგ არის იაპონია (1 738 ლარი) და ჩინეთი (1 736 ლარი). ჩინელი ტურისტი საქართველოში, საშუალოდ, 6.7 ღამეს ატარებს. 

  

ტაივანელების კონტრიბუცია ტურიზმში

2018 წელს საერთაშორისო ტურიზმის დანახარჯში ტაივანის წილი 19,6 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

2017 წელს ტაივანელები 15 654 579 ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, რაც 2016 წელთან შედარებით 7.3%-იანი ზრდა არის. მოგზაურობის 91.05% აზიაში განხორციელდა, მას მოსდევს ამერიკა (4.45%), ევროპა (3.17%), ოკეანეთი (1.18%) და სხვა (1.5%).

2017 წელს ტაივანელმა ტურისტმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას საშუალოდ 1 568 აშშ დოლარი დახარჯა. მოგზაურობა, საშუალოდ, 7.97 ღამე გაგრძელდა. მათი მგზავრობის მიზეზი 72% შემთხვევაში ტურიზმი იყო.

მაგალითად, 2018 წელს გაერთიანებულ სამეფოს 37.90 მილიონი ტურისტი ეწვია, რომლებმაც 22.90 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (28.20 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯეს. ამ წელს 83 381 ტაივანელი ჩავიდა, რომელთა 69.64% ტურისტი იყო.

გაერთიანებულ სამეფოში ტურისტები ერთ ვიზიტზე, საშუალოდ, 604 ფუნტ სტერლინგს ($743) ხარჯავენ. გაერთიანებულ სამეფოში ტაივანელი ტურისტის საშუალო ხარჯი კი 1 196 აშშ დოლარია. 2018 წელს ჩასულმა ტაივანელებმა მთლიანად 99.77 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს. მათ საშუალოდ 7.37 ღამე გაატარეს ქვეყანაში.

ავსტრალიაში 2018 წელს 175 000-მა ტაივანელმა ტურისტებმა ჯამში 916 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. თითო მოგზაურობაზე ტაივანელი, საშუალოდ, 5 245 აშშ დოლარს ხარჯავდა.

2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს 475 000 ტაივანელი ეწვია, რომლებმაც ჯამში 2 205 000 000 აშშ დოლარი დახარჯეს. ტაივანელი აშშ-ში, საშუალოდ, 3 900 აშშ დოლარს ხარჯავს.

იაპონიას 2017 წელს 4 564 053 ტაივანის მოქალაქეობის მქონე პირი ესტუმრა, რომელთაგანაც 4 363 276 ტურისტი იყო. ამ წელს იაპონიაში ტაივანელის საშუალო დანახარჯი 1 164 აშშ დოლარი იყო.

კომენტარები