სპორტი

გოლფის ლეგენდა, ტაიგერ ვუდსი ავარიაში მოყვა

Be Funky

გოლფის ლეგენდარული მოთამაშე, ტაიგერ ვუდსი ავარიაში მოყვა. სპორტსმენის მანქანა გადატრიალდა, ვუდსმა ფეხების მრავალრიცხოვანი ტრავმა მიიღო.

"მივიღეთ შეტყობინება, რომ ერთი ავტომობილის მონაწილეობით ავარია მოხდა, რომლის მძღოლმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივედით". – წერია ლოს-ანჯელესის პოლიციის განცხადებაში.

ვუდსის ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მანქანის გაჭრა მოუწიათ. სასწრაფო დახმარების მანქანამ გოლფის მოთამაშე ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანა. მისვლისთანავე სპორტსმენს მრავალსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ვუდსი ნარკოზიდან გამოვიდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

გოლფის მოთამაშე ავარიაში 2009 წელსაც მოყვა. გარდა ამისა, 2017 წელს პოლიციამ ვუდსი საჭესთან ჩაძინებული იპოვა, როგორც აღმოჩნდა სპორტსმენი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით მან ავტომობილის სახიფათო ტარებაში თავი დამნაშავედ ცნო.

ტაიგერ ვუდსი გოლფის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა, რომელიც მთავარი შეჯიბრის, მეიჯორის, თხუთმეტგზის ჩემპიონია. აქტიურად თამაშობდა 2013 წლამდე, შემდგომ, ხერხემლის ქრონიკული დაავადებების გამო სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა გოლფის მინდორზე. წარმატებული ოპერაციის შემდეგ, მოთამაშე 2019 წელს დაბრუნდა და სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა.

 

კომენტარები