ნიკა მელიას საქმე

უდუმაშვილი: შტურმის შემთხვევაში, პოლიციისადმი აგრესიული პირები პროვოკატორებად ჩაითვლებიან

ტვ პირველი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით,  თუ ენმ-ს ოფისში შენიშნავენ პოლიციის მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, ისინი ავტომატურად პროვოკატორებად ჩაითვლებიან. 

ამის შესახებ მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში თქვა.

მისივე თქმით, ოფისზე შტურმის შემთხვევაში, ისინი სპეცრაზმს ხელაწეულები დახვდებიან. 

"გუშინაც აღმოვაჩინეთ საეჭვო პირები, რომლებიც განვარიდეთ აქედან. ყველა ადამიანი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი გაფრთხილებული გვყავს, რომ თუ დაიწყება შტურმი და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც აგრესიულად იქნებიან განწყობილი პოლიციელების მიმართ, ჩათვალეთ, რომ ეს არის პროვოკატორი და ის ჩვენი ძალებითვე უნდა გავანეიტრალოთ, რომ არ მოხდეს შეტაკების პროვოცირება.

ბევრს მეკითხებიან, თუ რა არის ჩვენი გეგმა თუ სპეცრაზმელები შემოვლენ. ჩვენი გეგმა არის ძალიან მარტივი - ჩვენ ვხდებით ხელაწეულებიმომღიმარები სპეცდანიშნულების რაზმს და უბრალოდ ვიცავთ თავს, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ეს იქნება ჩვენი დახვედრა, თუ შემოვა აქ სპეცრაზმი. იმედი მაქვს, რომ გონიერება გადაძალავს იმ სიძულვილს, რომელიც დღეს პარლამეტში გვესმოდა". – ამბობს უდუმაშვილი. 

ცოტახნის წინ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენმ-ს ოფისში, სადაც სასამართლოს მიერ პატიმრობაშეფარდებული პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია რამდენიმე დღეა, იმყოფება, ხელისუფლება  პროვოკაციას გეგმავს. 

16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან შეკრებილები. ისინი ამბობენ, რომ არ გაატანენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ.

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

 

კომენტარები