ნიკა მელიას საქმე

ღარიბაშვილი: ნაცების ოფისში შეკრებილების 80% მონაწილეობას იღებდა 90-იანების გადატრიალებაში

ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ეს კრიმინალი ახლა გამოაცხადეს პარტიის თავმჯდომარედ და გვეუბნებიან, რომ ის მძიმე დანაშაული, რაც ჩაიდინა მან, რომელსაც იძიებს შსს და პროკურატურა, ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ  თურმე არ უნდა შევეხოთ ბატონ მელიას. 

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ამერიკაში კაპიტოლიუმის წინააღმდეგ მოხდა ორგანიზებული შტურმი და თავდასხმა, რომლის შედეგადაც 150-მდე ადამიანი არის დაპატიმრებული, 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. 90-იან წლებში ის კატასტროფა, რაც ჩვენ თავს დავმართეთ, ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის პრეცედენტი დავუშვით, ყველაფერი უბედურება რაც ახლა ხდება, არის იმის გამოძახილი. 

მე მინდა შევახსენო  ყველას, რომ ახლა ეს ადამიანები, რომლებიც იკრიბებიან ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თუ გადახედავთ მათ ბიოგრაფიას, 80%-ს აქვს მიღებული მონაწილეობა იმ გადატრიალებაში, რაც 90-იანებში ჩაიდინეს. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ზიზღის ენით, როცა ჩვენ მათ ვპასუხობთ ადეკვატურად, ისინი ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ. 

სიმართლე არის ძალიან მარტივი. არც პოლიტიკური პარტია და არც რაიმე თანამდებობა ამ ქვეყანაში არ იქნება მათი კრიმინალის თავშესაფარი და, თუ ისინი ღიად აცხადებენ, რომ ეს პარტია არის კრიმინალების და ტერორისტების თავშესაფარი, ესეც მორიგი აღიარებაა პროკურატურისთვის.

კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა ის ორგანიზაცია, თუ ადამიანი, რომელიც გასულია ამ კონსტიტუციური წესრიგიდან და ჩარჩოებიდან, მათ მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება. ამის გარანტიას ვიძლევი...

ამბობს პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტში საუბრისას. 

ენმ-ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. ამის გამო, ოპოზიციური ლიდერები პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ნიკა მელიას ფიზიკურად დაიცავდნენ. მეორე დილით გადადგა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში შეუთანხმებლობა დაასახელა. ამის შემდეგ, შს მინისტრმა დაკავების ღონისძიება შეაჩერა.

კომენტარები