სამთავრობო ცვლილებები

ბოკერია: ღარიბაშვილის ყველა განცხადება არის მიმართული ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. ბოკერია თანახმად, ღარიბაშვილის განცხადებები ადასტურებს იმ დაკვირვების სისწორეს, რომ ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა "იყო ყველაზე უარესი არჩევანი ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის".

"ღარიბაშვილის ყველა განცხადება, რაც კი ჩვენ ჯერჯერობით მოვისმინეთ, არის მიმართული ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, სიძულვილის და დაპირისპირების წაქეზებაზე და ამ კრიზისის მხოლოდ გაღრმავებაზე. თუ ამ რიტორიკას გაჰყვება ხელისუფლება, ეს ვითარებას არათუ არ განმუხტავს, ეს მოუტანს კატასტროფულ შედეგებს ქვეყანას და მათ დაღუპავს პერსონალურად, პოლიტიკურად". – ამბობს ბოკერია.

გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ამოცანაა ღარიბაშვილის "კატასტროფული რიტორიკის" მიუხედავად, დიალოგის გზით გააგრძელოს სვლა, თუმცა დიალოგი არ წარიმართება ქვეყნის თავისუფლების, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დათმობისა და რეპრესიებთან შეგუების ხარჯზე.

"ჩვენი, ოპოზიციის ამოცანა არის, რომ ამ პერსონისგან, ვისგანაც, სამწუხაროდ, ეს მოულოდნელი არ ყოფილა, კატასტროფული რიტორიკის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელოთ სხვლა მყარად და მტკიცედ და ვართ მზად, ამ პირობებშიც კი, დიალოგისთვის - ოღონდ დიალოგისთვის არა ქვეყნის თავისუფლების ხარჯზე, არა მოქალაქეების ფუნდამენტური უფლების, აირჩიონ ის მთავრობა, რაც სურთ, ხარჯზე, არა პოლიტიკურ რეპრესიებთან შეგუების ხარჯზე, არა პოლიტპატიმრების ციხეში დატოვებასთან ან ახალი პოლიტპატიმრების გაჩენასთან შეგუების ხარჯზე. ამ მთავრობას, ამ კატასტროფული პერსონას, რომელიც ჩააყენეს ფორმალურად სათავეში, მოუწევს იმასთან შეგუება, რაც არის მტკიცე ნება ქართული საზოგადოების და ოპოზიციური სპექტრის". – ამბობს პოლიტიკოსი.

გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ბოკერია ხაზს უსვამს, რომ დიალოგი იქნება ვადამდელი არჩევნების, პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე, "ეს არის ნორმალიზაციის გზა".

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სესიაზე პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა და კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობაში და ქვეყნის კონსტიტუციის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა.

"ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს დამნაშავე ძალა[ნაციონალური მოძრაობა], მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი, რადგან ვერ შეძლებს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს, ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან, დღეს 21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს...". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა,

 

კომენტარები