სომხეთი

2020 წელს სომხეთში ავტომობილების იმპორტი 26-ჯერ შემცირდა

Carsandcofee.com

2020 წელს სომხეთმა 7 300 ავტომობილის იმპორტი განახორციელა. 2019-ში ეს მაჩვენებელი 189 000 ავტომობილს შეადგენდა. 

სომხეთის საბაჟო სტატისტიკისა და შემოსავლების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, კლება ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ამას მთავრობაში მოელოდნენ. სავარაუდო მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობისას დამატებითი გადასახადებია დაწესებული. აღნიშნულმა ცვლილებამ სომხეთში არაწევრი ქვეყნებისგან ავტომობილების იმპორტის მომგებიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა, შედეგად, აქტივობაც შემცირდა. 

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი რუსეთის სატელიტური ორგანიზაციაა, რომელიც სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს მოიცავს. ორგანიზაცია წევრი ქვეყნებისთვის საქონლისა და მომსახურების თავისუფლად გადაადგილებას უზრუნველყოფს.

2020 წელს ამოქმედებული ერთობლივი საბაჟო ტარიფის მიხედვით, სომხეთში პირადი მოხმარებისთვის ჩამოყვანილი 3 წლამდე და 8 500 ევრომდე ღირებულების მანქანების გასაბაჟებელი ფასი ღირებულების 54% იქნება, რასაც ძრავის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 2.5 ევრო დაემატება. 8 500 ევროზე მეტი ღირებულების ავტომობილზე საბაჟო გადასახადი ღირებულების 48% იქნება, რასაც ძრავის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 3.5-5.5 ევრო დაემატება.

2020 წელს შემცირდა ქართული ექსპორტი სომხეთშიც, რის მნიშვნელოვან ნაწილსაც იმპორტირებული ავტომობილების რეექსპორტი წარმოადგენდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, საქართველომ 2019 წელს სომხეთში $432.6 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2020 წელს კი, სომხეთში ახალი საბაჟო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, – $187.6. 

 

 

კომენტარები