ბელარუსი

ბელარუსის აქციების გაშუქებისთვის ჟურნალისტებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბელარუსის აქციების გაშუქებისთვის Belsat-ის ორ ჟურნალისტს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პროკურორები ანდრეევასა და ჩულცოვას ადანაშაულებდნენ პირდაპირი ტრანსლირებით საპროტესტო აქციების კოორდინაციაში. ისინი ბრალდებას უარყოფენ. 

რეპორტიორი და Belsat-ის ოპერატორი, ეკატერინა ანდრეევა და დარია ჩულცოვა, ნოემბერში, აქციების შემდეგ დააკავეს.

ისინი იღებდნენ აქციას, რომელიც რომან ბონდარენკოს სიკვდილის შემდეგ გაიმართა. ის ნოემბერში საავადმყოფოში მას შემდეგ დაიღუპა, რაც უშიშროების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას უარყოფს. 

ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ მათ დაკავებას. 

ნიუ-იორკში არსებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ბელარუს მაღალჩინოსნებს დაჟინებით მოუწოდებს, შეეშვას "აბსურდულ" ბრალდებებს და ყოველგვარი პირობების გარეშე გაათავისუფლონ ისინი. 

"ბელარუსის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების დასჯა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გაშუქების გამო და თავისუფლად, სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მუშაობის ნება მისცენ მათ". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ 13 თებერვალს ბელარუს ოპოზიციონერებს, მარია კოლესნიკოვას და მაქსიმ ზნაკს, ბრალდებები დაუმძიმეს.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები