ბელარუსი

ბელარუს ოპოზიციონერებს, კოლესნიკოვას და ზნაკს, ბრალდებები დაუმძიმეს

მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი

ბელარუსში მაღალჩინოსნებმა ციხეში მყოფი ოპოზიციონერების, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრების, მარია კოლესნიკავას და მაქსიმ ზნაკის საქმეებს დაუმატეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების და ექსტრემიზმის ორგანიზების ბრალდებები, წერს  RFERL ბელარუსის ოპოზიციის წყაროებზე დაყრდნობით .

ახალი ბრალდებებით, მათ, სავარაუდოდ, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ახალი ბრალდებების შესახებ ინფორმაცია ბელარუსის "სახალხო ასამბლეის" პირველი დღის შემდეგ გავრცელდა. ოპოზიციის შეფასებით, "სახალხო ასამბლეა" ლუკაშენკოს მიერ ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭების მცდელობაა. 

მაქსიმ ზნაკი 9 სექტემბერს სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა ნიღბიანმა პირებმა დაიჭირეს. ზნაკს ასევე ბრალად ედება ისეთი საჯარო მოწოდების გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროსთვის ზიანის მიყენებას.

კოლესნიკოვა 7 სექტემბერს გაუჩინარდა. თვითმხილველთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები კოლესნიკოვასთან მივიდნენ, შემდეგ კი კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც ეწერა "Связь". მიკროვატობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოლესნიკოვა 8 სექტემბერს ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის გადაკვეთის დროს დააპატიმრეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარია კოლსენიკოვამ თავისი პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო.

დაკავების შემდეგ მას ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისათვის ბრალი წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შეთხვევაში მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, კოლესნიკოვას კერძოდ რომელი ქმედება მიიჩნიეს სისხლის სამართლის 361-ე მუხლის დარღვევად.

23 იანვარს მინსკის სასამართლომ ბელორუს ოპოზიციონერს, მარია კოლესნიკოვას, წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა.

ივლისში მარია კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად გახდა ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაია და ცეპკალო იძულებულები გახდნენ, ბელარუსი დაეტოვებინათ.

არჩევნების შემდეგ კოლესნიკოვა ბელარუსში დარჩა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი თავმჯდომარე გახდა. ბელარუსის ხელისუფლებამ საბჭოს შექმნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სექტემბრის დასაწყისში კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ვიქტორ ბაბარიკოს შტაბი გეგმავს ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვიქტორ ბაბარიკო ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ტიხანოვსკაიას შტაბთან გაერთიანებამდე მარია კოლესნიკოვა ვიქტორ ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები