WizzAir

მხოლოდ ბოლო 1 თვეში Wizzair-მა 40-მდე ახალი მიმართულება დაამატა და 1 ბაზა გახსნა

მხოლოდ ბოლო ერთ თვეში უნგრულმა ავიაკომპანია Wizzair-მა 40-მდე ახალი მიმართულება დაამატა და ერთი ახალი ბაზა გახსნა. ჯერჯერობით ისევ უცნობია, როდის აღადგენს დაბალბიუჯეტიანი კომპანია ფრენებს საქართველოში. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, Wizzair-ი ამაზე "აპრილიდან ფიქრობს", თუმცა, ჯერ ოფიციალური პასუხი უცნობია. ავიაკომპანიამ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ "ქუთაისიდან ფრენების აღდგენის ზუსტი თარიღი არ ვიცით, ვეძებთ გზებს დასაბრუნებლად".

მიმართულებები, რომლებიც ბოლო ერთ თვეში Wizzair-მა დაამატა:

  • ბურგასიდან (ბულგარეთი) - დორტმუნდის, კიევის, თელ ავივის, ეინდჰოვენის, ლივერპულის, პოზნანის და ტურკუს მიმართულებით.
  • კიშინიოვიდან ეინდჰოვენის და ჰერაკლიონის მიმართულებით.
  • გაზაფხულიდან, უნგრული ავიაკომპანია სარაევოში ახალ ბაზას ხსნის. ემატება ფრენები სარაევოდან გოტენბურგის, ბაზელის, დორტმუნდის, ეინდჰოვენის, ბრიუსელის, პარიზის, კოპენჰაგენის, ლონდონის და მემინგემის მიმართულებით. ფრენები კვირაში რამდენჯერმე შესრულდება.
  • ლარნაკადან ფრენები ოსლოს, ხარკოვის და თელ ავივის მიმართულებით ემატება, ვროცლავიდან კი -  სპლიტის (ხორვატია) და ბურგასის მიმართულებით.
  • 14 მაისიდან, ოსლოდან ფრენები ლარნაკას გარდა ალიკანტეს, გრან კანარიას, სპლიტის და ხანიას (კრეტა) მიმართულებით შესრულდება.
  • გარდა ამისა, Wizzair-ი იფრენს გდანსკი-სპლიტის, კატოვიცე-კორფუს, ვარშავა-ჰერაკლიონის, ხარკოვი-ჰერაკლიონის, ბუქარესტი-კორფუს, ბუქარესტი-ზაკინტოშის, სანტორინი-ხარკოვის და სანტორინი-ვარშავის მიმართულებით

12 თებერვლიდან დაემატა ფრენები აბუ დაბიდან თელ ავივის მიმართულებით, ჯერჯერობით, ფრენები კვირაში ოთხჯერ, ხოლო მარტიდან, ყოველდღიურად შესრულდება. ასევე, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიამ დროებით იფრენს დუბაიდან ბუდაპეშტის, ბუქარესტის და სოფიას მიმართულებით.

ავიაკომპანია Wizzair-მა საქართველოდან ფრენები მინიმუმ მარტის ბოლომდე გადადო, მათ შორის, რიგის და დორტმუნდის მიმართულებითაც.  ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განახლდა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, Wizzair-მა მხოლოდ 3 რეისი შეასრულა საახალწლო პერიოდში. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რეგულარულ ფრენებზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა, 17 თებერვლის მონაცემებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენებს, მინიმუმ, მარტის ბოლომდე არ განაახლებს. განრიგით, Wizzair-ი მარტის ბოლოდან (29-30 მარტი) რიგის, ვენის, დორტმუნდის, ვარშავის, კრაკოვის, ბუდაპეშტის და ვილნიუსის მიმართულებით აღადგენს რეისებს, ხოლო აპრილიდან - აბუ დაბის, ლარნაკის და ათენის საჰაერო ხაზზე.

რაც შეეხება პრაღის, ტალინის, ბერლინის, მემინგენის, თესალონიკის, რომის, მილანის, გდანსკის, კატოვიცეს, პოზნანის და ვროცლავის საჰაერო ხაზებს, განრიგით ქუთაისიდან ფრენები მაისის თვიდან შესრულდება. ეს 11 მიმართულება სავარაუდოდ მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას დააბრუნებს.

რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. 

საქართველოში საჰაერო ცა მაშინ დაიკეტა, როცა, ჯამში, კორონავირუსის 48 შემთხვევა იყო გამოვლენილი. აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა, მაშინ, როცა ევროპის ყველა ქვეყანამ საზღვრები გახსნა. აგვისტოში საქართველომ მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა რეგულარული ფრენა, ჯამში, თვეში დაახლოებით 20 რეისი. სულ თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი "გახსნილ საზღვრებს" უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა. 

საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, Wizzair-ს და Ryanair-ს თვეების განმავლობაში არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. 

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

საქართველოს მთავრობამ ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ნოემბრიდან კი, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა, მგზავრები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიოდნენ.

2021 წლის პირველი თებერვლიდან ახალი წესები ამოქმედდა. კერძოდ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც ქვეყანაში შემოსვლისას PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ექნება და მესამე დღესაც განმეორებით ჩაიტარებს, თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ ექნება. ხოლო თუ ქვეყანაში შემოსულ საქართველოს მოქალაქეს ტესტის პასუხი არ ექნება, ის 12 დღის ნაცვლად, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავა.

ასევე, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, თურქეთის მოქალაქეებს და რეზიდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლიდან მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი.

ხოლო ყველა ქვეყნის მოქალაქე, ვისაც გაკეთებული ექნება Covid-ვაქცინის სრული კურსი (ორი დოზა) და წარადგენს ამის დამადასტურებელ საბუთს, უპირობოდ შემოვა საქართველოში.

კომენტარები