გერმანია

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასვლა საქართველოს კიდევ 18 776-მა მოქალაქემ მოისურვა, სულ 53 897-მა

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასასვლელი სააპლიკაციო ფორმა ორ დღეში საქართველოს 53 897-მა მოქალაქემ შეავსო, აქედან 18 776-მა - ბოლო 24 საათში. ინფორმაცია ტაბულას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში მიაწოდეს.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე მსურველთა რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.  დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1-ელი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში სპეციალურ პორტალზე.

დასაქმების ხელმშემწყობი სააგენტოს ცნობით, დამსაქმებელი ვალდებულია, სეზონური მუშაკი უზრუნველყოს შესაფერისი საცხოვრებელი ბინით.  ეს ხარჯები არ იქვითება ხელფასიდან. კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას მიგრანტისთვის ცნობილი იქნება, თუ ვინ ფარავს განთავსების ხარჯებს (მომუშავე თუ დამსაქმებელი).

ასევე, სამუშაო ადგილზე საკვებით უზრუნველყოფის საკითხი დამსაქმებლის გადასაწყვეტია. იგი აისახება კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას და მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს. სამუშაო შეთავაზების მიღებამდე, სეზონური მუშაკისთვის ცნობილი გახდება - მგზავრობის ხარჯებს დამსაქმებელი დაფარავს თუ თავად. 

გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ვებგვერდზე: workabroad.moh.gov.ge. დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო სააგენტომ რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია გამოაქვეყნა.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:

  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • 18-დან 60 წლამდე ასაკის;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • არის ჯანმრთელი (დასაქმება გულისხმობს სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზე ყოველდღიურ ფიზიკურ დატვირთვას);
  • აქვს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • არ არსებობს რაიმე მიზეზი, რაც იწვევს გერმანიაში შესვლის შეზღუდვას;
  • სასურველია უცხო ენების (გერმანული, ინგლისური) მინიმალურ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

კომენტარები