ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელია: სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, უსამართლობას არ შევეგუები

ტაბულა

"ეს მონები მე ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია".- ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილებას მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე. 

მისივე თქმით, "სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, უსამართლობას არ შეეგუება". 

"მონა ვერ გაასამართლებს საქართველოს ღირსეულ მოქალაქეს. მორჩა და გათავდა, შეეგუეთ ამას. ჩიგოგიძეები, თალაკვაძე, მდინარაძე, კობახიძე, ბექა ოდიშარია, ეს კოლექტიური ბიძინა ივანიშვილის პატარა მარიონეტები, იმიტომ რომ 20 ივნისს უბრალოდ გავბედე და მივედი, მივედი ათასობით სხვა ქართველთან ერთად. გავრილოვის ხელის დარტყმით ვერ დამიჭერთ, გამორიცხულია და მეტიც, გაგიწყდებათ ის ჯაჭვი, რომელიც მყარი გეგონათ და უკანონობით, უსამართლობით ფონს გახვიდოდით მაგრამ თავს არ დავხრით".- ამბობს მელია. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას მხარი დაუჭირეს.  

მას შემდეგ, რაც პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა და მან გირაოს თანხა არ გადაიხადა, უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.  

იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას მხარს დაუჭერდა, 13 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. 


საქართველოს პროკურატურამ პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც მელიასთვის გირაოს გადასახდელად მიცემული ვადა - 1 კვირა ამოიწურა. ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა.

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები