ნიკა მელიას საქმე

ოცნების დეპუტატების კონსპირაციები ენმ-სა და გავრილოვის კავშირზე

ქართული ოცნების დეპუტატები, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე და გიორგი ხელაშვილი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ეხმაურებიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას სავარაუდო დაკავების შესახებ და ამბობენ, რომ ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობის ინტერესები და გავრილოვის ქმედებები ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.

"აქ ზოგიერთი "ჟურნალისტი" მეკითხება რა კომენტარს გავაკეთებდი გავრილოვის მიერ ოპოზიციის კრიტიკაზე და თურმე ჩვენი პოზიცია მის "ნარატივს" იმეორებს. საოცარია, რომ ხალხის უმეცრობის იმედი აქვთ და სულ ტყუილად! თუ რაიმე ემთხვეოდა და ემთხვევა ერთმანეთს ეს გავრილოვის ქმედებები და ნაცმოძრაობის ინტერესებია. მინიმალური პოლიტიკური წონის მქონე დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩახტომა თუ ვინმეს ინტერესებს არ პასუხობდა, ეს მმართველი პარტიაა და თუკი ვინმეს დღეს მისი კრიტიკა აძლევს ხელს ეს ნაცკლასტერია. მარტივია..." - წერს გიორგი ვოლსკი Facebook-ზე.

იმავე შინაარსის პოსტი დღეს მამუკა მდინარაძემაც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება ნაციონალურ მოძრაობას, რაც დამაფიქრებელია.

"ისე, მე დავფიქრდებოდი, როგორ ხდება, რომ ეს გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება ნაც. მოძრაობას და მათ "პატრიოტ" ლიდერებს. მითუმეტეს მათ ტელევიზიებში მათთვისვე ძალიან სასურველი "ვორდინგით"..." - წერს მამუკა მდინარაძე.

გიორგი ხელაშვილის აზრით კი ოპოზიცია გავრილოვთან თანამშრომლობს და ამ შემთხვევაში ეს წინასწარ დაგეგმილი სატელეფონო ზარით მოხდა.

"საქართველოს პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით, რადიკალური ოპოზიცია თანამშრომლობს რუს ნაციონალ-კომუნისტ პოლიტიკოს გავრილოვთან წინასწარ დაგეგმილი სატელეფონო კომენტარის საშუალებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი ეხმარება სააკაშვილის ენმ-ს და მის სატელიტურ პარტიებს" - დაწერა ხელაშვილმა Twitter-ზე.


რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ტვ. პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს. 

"ის სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე, 100%-იანი სიცრუის, ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი, სტუმართმოყვარე და მეგობრული ქვეყნის, მეზობლების თვალში". - აცხადებს რუსი დეპუტატი ტვ. პირველთან

გავრილოვი ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიას შესაძლო დაკავების ფაქტს და თქვა, რომ საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

კომენტარები