ტექნოლოგიური გიგანტები

Parler-ი, მიუხედავად ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგობისა, ისევ ბრუნდება

ფოტო: Pavlo Gonchar , Getty Images

კომპანია Parler-ის წარმომადგენლების თქმით, Twitter-ის კონკურენტი სოციალური პლატფორმა ისევ ბრუნდება, თუმცა ამჯერად მისი არსებობა ტექნოლოგიურ გიგანტებზე (Apple, Google, Amazon) აღარ იქნება დამოკიდებული. 

Parler-ის ახალი ვებგვერდი და აპლიკაცია დამოუკიდებელ სისტემაზეა აგებული და, სურვილის შემთხვევაში, Amazon-ს, Apple-სა თუ Google-ს მისი გათიშვა აღარ შეეძლებათ, ისე, როგორც ეს ერთი თვის წინ მოხდა. 

2020 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის შემდეგ Parler-ის აპლიკაცია Apple App Store და Google Play-დან წაიშალა, შემდეგ ეტაპზე Amazon-მა მას ვებჰოსტინგის სერვრებთან წვდომა შეუწყვიტა. 

Amazon-ისა და Google-ის წარმომადგენლები Parler-ს სამომხმარებლო წესდების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, პლატფორმის საშუალებით ვრცელდებოდა რადიკალთა მესიჯები, რომლებიც მომხმარებლებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

Parler-ის გუნდი უარყოფს ბრალდებებს და ამბობენ, რომ მათი სოციალური პლატფორმა სიტყვის თავისუფლებას იცავს, რაც ტექნოლოგიური გიგანტების ცენზურისათვის მიუღებელია.   

კომპანიის დროებითი აღმასრულებელი დირექტორის, მარკ მეკლერის თქმით, Parler-ს გამოცდილი გუნდი მართავს და, მიუხედავად სირთულეებისა, ისინი დანებებას არ აპირებენ. 

მას შემდეგ, რაც დირექტორთა საბჭომ Parler-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ მეტსი თანამდებობიდან გადააყენა, კომპანიაში აქტიური ცვლილებების პერიოდი დაიწყო. 

ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როდის დაბრუნდება Parler-ი სრული მასშტაბით, თუმცა კომპანიაში ფიქრობენ, რომ ეს რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი. 
 

კომენტარები