კოსმოსური მისია მარსზე

არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსურმა მისიამ მარსის პირველი ფოტო გამოგზავნა

ალ-ამალის მისიის გამოგზავნილი მარსის პირველი ფოტო
UAESA/MBRSC/LASP/EMM-EXI

არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსურიმა მისიამ ალ-ამალმა (არაბულად: იმედი) მარსის პირველი ფოტო გამოგზავნა. ალ-ამალი წითელი პლანეტის ორბიტაზე 9 თებერვალს გავიდა.

ფოტო ალ-ამალმა მარსის ზედაპირიდან 24 700 კილომეტრის სიშორიდან 10 თებერვალს გადაიღო.

​პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსი სურათის ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს. ფოტოს ცენტრში დღისა და ღამის მიჯნაზე მზის სისტემის ყველაზე დიდი ვულკანი ოლიმპი (Olympus Mons) ჩანს. სურათზე ასევე ჩანს სამი ვულკანი ასკრია (Ascraeus Mons), პავონისი (Pavonis Mons) და არსია (Arsia Mons).

ალ-ამალის ზონდი ახალა მარსის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. ორბიტაზე მოძრაობისას ის პლანეტას ყველაზე ახლოს 1000 კილომეტრზე მიუახლოვდება, ხოლო ყველაზე შორის 50 000 კილომეტრის მანძილზე დაშორდება. მისიის ფარგლებში ალ-ამალი შეისწავლის, როგორ მოძრაობს ენერგია ატმოსფეროში, მარსის ზედაპირიდან ატმოსფეროს ზედა შრეებამდე. გარდა ამისა, ზონდმა ასევე უნდა შეისწავლოს მარსიდან კოსმოსში მოხვედრილი წყალბადისა და ჟანგბადის ნეიტრალური ატომები, რომლებიც მიანიშნებს, რომ მარსზე ოდესღაც დიდი რაოდენობით იყო წყალი. ეს კვლევა მეცნიერებს დაეხმარება გაიგონ, როგორ შეიცვალა პლანეტა ათასწლეულების მანძილზე.


ალ-ამალი პირველი კოსმოსური მისიაა, რომელმაც თებერვალში წითელი პლანეტის ორბიტას მიაღწია. 10 თებერვალს მარსის ორბიტაზე ჩინური მისია Tianwen 1 გავიდა. 18 თებერვალს კი წითელ პლანეტას NASA-ს როვერი შეუპოვრობა მიაღწევს.

სამივე კოსმოსური მისია 2020 წლის ივლისში გაუშვეს. სამივე მისიის ერთ პერიოდში გაშვება განპირობებული იყო ამ დროს მარსისა და დედამიწის სიახლოვით - მოვლენით, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება. პლანეტების დაახლოება მარსამდე ჩასვლის დროს ამცირებს.

კომენტარები